30th Ap

სურამის #3 საჯარო სკოლის პედაგოგი



      ლესია უკრაინკას სახელობის სურამის N 3 საჯარო სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო სამოქალაქო საქმიანობით,    2011 წლიდან  ჩავერთეთ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში, შევქმენით სასკოლო სამოქალაქო კლუბი ,,ჩვენ“, რომლის დევიზია ,,ჩვენ და სამყარო“ და იმ დღიდან ვარ კლუბის მეურვე პედაგოგი.  პედაგოგიური კომპეტენციის გაზრდის მიზნით გავიარე არა ერთი ტრენინგ–პროგრამა, მათ შორის დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების 50 საათიანი ტრენინგ–პროგრამა, ამერიკული მასტერ–კლასი ,,სათემო აქტივობით სწავლა–სწავლება“, ,,lions Quest”–ის ტრენინგ პროგრამა და ა. შ.

     სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა რომ იწყებოდა, მახსოვს ბევრი პედაგოგი განიცდიდა, რომ სამოქალაქო განათლება სკოლაში მეორეხარისხოვან საგნად ითვლებოდა. ამ პროგრამის ყველაზე დიდი შედეგი სწორედ ის არის, რომ ეს საგანი ბევრ სკოლაში წამყვან საგნად იქცა, მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში კი უძლიერესია. გული სიხარულით მევსება, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეები ჩვენც ვართ - მე და ჩემი პატარა სკოლის მოსწავლეები. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოგვივიდა..

         სკოლის  სამოქალაქო კლუბი წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა სასკოლო და სათემო პროექტებს. სამოქალაქო განათლების საგნის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით მოვაწყეთ სამოქალაქო განათლების კვირეული სკოლაში, განვახორციელეთ პროექტები ,,დავეხმაროთ მოხუცებს“, ,, მადლი“, გაეროს კვირეული სკოლაში, სულ ახლახანს დავასრულეთ  პროექტი ,,საგზაო ნიშნები და ქუჩაში მოძრაობის უსაფრთხოება“ , ამ პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად მოწესრიგდა საგზაო ნიშნები და გადასასვლელები ჩვენს  დაბაში) , ,,ჯანსაღი გარემო მომავლისათვის“ და ახალგაზრდული ფორუმის პროექტი  ,,ჩემი დაბის სკვერი“,  რომლის ფარგლებშიც სურამელი მოსწავლეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად  კეთილმოეწყო და  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სურამის სკვერს. 

     წარმატებით ვახორციელებ დამხმარე სახელმძღვანელოების დანერგვას სკოლაში, რამაც სამოქალაქო განათლების საგნის მიმართ მოსწავლეთა მოტივაცია ერთი–ორად გაზარდა. ამ სახელმძღვანელოების დანერგვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია სამოქალაქო კლუბისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმატებული თანამშრომლობა და არაერთი ერთობლივი პროექტი.

    ჩემი კლუბი თითქმის ყოველ წელს ჯილდოვდება  პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებებზე  ,, წარმატებული კლუბის“ სიგელით, მონაწილეობა მივიღეთ საკლუბო ტექნიკის კონკურსში და მივიღეთ ტექნიკის სრული კომპლექტი, აქტიურად ვარ ჩართული  სამოქალაქო განათლების  რეგიონალური ფორუმის ღონისძიებებში, შარშან სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენციაზე დამაჯილდოვეს ,, წლის წარმატებული პედაგოგი შიდა ქართლის რეგიონში“ საპატიო სიგელით. 

   ყველაზე მნიშვნელოვანი პედაგოგისათვის მაინც მოსწავლეთა შედეგები და წარმატებებია, ამაყი ვარ ჩემი მოსწავლის გიორგი ბლიაძის ამ სიტყვების შემდეგ: ,, ვიდრე სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩავერთობოდი, არ მეგონა, თუ რამის გაკეთება შემეძლო, ეხლა კი ვხვდები რა შესაძლებლობები მაქვს და რაში უნდა გამოვიყენო ის“.