19th Oc

ლალი სიმონიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

"პროგრამა ,,მომავლის თაობა’’ მოსწავლეებში ახალი უნარების აღმოჩენისა და მათთვის თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,მტრედები’’ მიერ განხორციელებული საკლუბო და საკლასო პროექტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს როგორც სკოლის, ისე მოსწავლეების ცხოვრებაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო საგრანტო პროექტი ,,ბიბლიოთეკის მოწყობა,’’ რომელმაც დადებითად იმოქმედა მოზარდებზე - კითხვა შეაყვარა, მოტივაცია აუმაღლა და განუვითარა შემოქმედებითი უნარი. ამ პროექტის დამსახურებით დღეს მათ თავისუფლად შეუძლიათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და პრეზენტაციების გაკეთება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განახლდა სკოლის ბიბლიოთეკა და არსებული წიგნების მარაგი ახალი მხატვრული ლიტერატურით შეივსო; სკოლაში დაარსდა საჯარო კითხვის საათი; მოსწავლეები ეწვივნენ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას და მიიღეს ინფორმაცია სამკითხველოს მუშაობის შესახებ, ასევე მოინახულეს მ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი და გაეცნენ მწერლის შემოქმედებას.
პროგრამამ ჩემს პროფესიულ განვითარებასაც შეუწყო ხელი. საგაკვეთილო პროცესში თუ პროექტული სწავლების დროს აქტიურად ვიყენებ ტრენინგებზე, პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრებზე, კონფერენციებსა თუ ფორუმზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. პროგრამა პრაქტიკულად გვეხმარება მუშაობაში და პროფესიულ განვითარებაში“ - ამბობს ლალი სიმონიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.