4th Apr

ჩაისუბნის სამოქალაქო კლუბის ძალისხმევით სოფლის ბიბლიოთეკა აღდგა

2013 წლის 21 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ  ირაკლი ახობაძემ და ჩაისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა ილონა ოსეფაიშვილმა სოფელ ჩაისუბნის ბიბლიოთეკა გახსნეს.

ჩაისუბნის სამოქალაქო კლუბის წევრები  შეხვდნენ გამგეობის თანამშრომლებს და სოფლის ბიბლიოთეკის საკითხზე ისაუბრეს. კერძოდ, ის რომ წიგნების საცავი ცუდ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა განახლებას წიგნების გადასარჩენად.  პრობლემის უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეებმა ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში მიიწვიეს და გაპარტახებული ბიბლიოთეკა  ერთად დაათვალიერეს.

მოსწავლეთა ინიციატივის შედეგად სოფლის თვითმმართველობამ  გადაწყვეტილება მიიღო და  ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ახლად გარემონტებულ სოფლის საბავშვო ბაღის შენობაში გადაიტანეს.  ასევე აღდგა ბიბლიოთეკარის გაუქმებული შტატი. ხოლო ჩაისუბნის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თავად დაასუფთავეს და გადაიტანეს  წიგნები  ბაღის შენობაში.