ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

2011 წლის 22-24 დეკემბერს, ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა „დღის ცენტრის“ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 
გამოფენა ორგანიზებული იყო ბათუმის საშუალო სკოლა „ნიკეს“ სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების”  პროგრამის მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში („დაეხმარე ბავშვებს საუკეთესო მომავლის შექმნაში“). 
აღნიშნული ინიციატივის მიზანი გახლდათ მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვების   მიერ მომზადებული ნახატების მეშვეობით ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების  ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მათი ინციატივების წახალისება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
სკოლა „ნიკეს“ სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი „დღის ცენტრისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ აღსაზრდელთა ცხოვრებაში  და  უშუალოდ უწევდნენ დახმარებას საგამოფენო ნამუშევრების მომზადებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „დღის ცენტრის“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ 29 ბენეფიციარის 100-მდე ნამუშევარი. სამი დღის განმავლობაში გამოფენა მოინახულა ბათუმის ფართო საზოგადოებამ: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა.
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.