აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი ჯონათან ჰეილი აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბებს შეხვდა

2012 წლის 7 ივნისს აჭარის რეგიონში სტუმრად იმყოფებოდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელი ბ-ნი ჯონათან ჰეილი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი იოაკიმ პარკერი და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ქ-ნი სიუზან კოვლი.
 
ქ. ბათუმის #2  საჯარო სკოლაში რეგიონის 15-მა სასკოლო სამოქალაქო კლუბმა  წარმოადგინა საკლუბო  საქმიანობის პრეზენტაცია და ინიციატივებისა და აქტივობების ამსახველი  ფოტო და ვიდეო მასალა. 
 
ქ-მა მარინა უშვერიძემ,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო პროგრამის შედეგები. სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს ინიციატივის ამსახველი ვიდეორგოლი, სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ასევე სამოქალაქო განათლების თემატიკაზე კლუბის წევრების მიერ მომზადებული პანტომიმა (პერფომანსი).
 
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს და შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბატონი ჯონათან ჰეილი. მან ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის და მასში მოსწავლეების ჩართულობის მნიშვნელობაზე. 
 შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ლამზირა ბოლქვაძე, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობაზე და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის როლზე. მადლობა გადაუხადა სასკოლო სამოქალაქო კლუბებს აქტიურობისთვის  და  კვლავაც აქტიურ მხარდაჭერას დაპირდა მათ.
   
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის თვითმმართველი საკრებულოს დეპუტატები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია.  ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიასაშუალებებით.

ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი