24th Fe

წლის საუკეთესო პედაგოგი მცხეთა-მთიანეთიდან

მცხეთის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული პედაგოგი ანა იმერლიშვილი 2012 წლის იანვრიდან აქტიურად ჩაერთო ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში“.  რეგიონში ერთ-ერთი პირველი სასკოლო სამოქალაქო კლუბი ,,ახალი ხედვაც“  სწორედ მისი მეურვეობით დაფუძნდა. ანა მალევე გაწევრიანდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმში და როგორც პროფესიულ სიახლეზე ორიენტირებულმა ადამიანმა, წარმატებით გამოიყენა ყველა  შესაძლებლობა, რომელიც მას და მის 800-ს კოლეგას    ტრენინგ-პროგრამა  „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებამ“ შეუქმნა.
სამოქალაქო განათლების საგანს პროფესიონალი პედაგოგები არ ჰყავდა და მასწავლებელთა პირად პასუხისმგებლობაზე, მონდომებაზე იყო დამოკიდებული თუ როგორ იზრუნებდნენ თავიანთ პროფესიონალიზმზე. ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“, რომ იტყვიან, სულზე მოსწრებული შესაძლებლობა იყო.  ანამ გაიარა ტრენინგები ,,დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“,  ,,ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში“, ,,სოციალური მედია და სკოლა“, ,,საკლუბო სახელმძღვანელოს გამოყენების შესახებ“ .
_ ჩემთვის  ყველა მათგანი ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. პარალელურად მოგვეცა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა პროგრამის ფარგლებში მომზადებული 4 სახელმძღვანელო-კომპლექტი, რომლებიც ძალიან საჭირო ცოდნას, აქტივობებს, მეთოდებს გვთავაზობს მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც. ეს წიგნები გვეხმარება გაკვეთილზეც და საკლუბო საქმიანობაშიც. ორჯერ ჩავატარე ღია გაკვეთილი და მივიღე სასარგებლო რჩევები სახელმძღვანელოს ავტორის ნინო ბესელიასაგან, კოლეგებისაგან. ეს გამოცდილება დაგვეხმარა მოგვემზადებინა პროექტები, გავიმარჯვეთ და განვახორციელეთ კიდეც. ამ ზაფხულს მონაწილეობა მივიღე სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში ბაზალეთში. ძალიან გამომადგა სამი ელექტრონული კრებული _ მეტად საინტერესო ავტორების   ნაშრომები ქართულ ენაზე, სამოქალაქოს მასწავლებლისათვის ძალიან სასარგებლოა._ აღნიშნავს ანა იმერლიშვილი.
კლუბში მუშაობამ ანას კარგი უნარები შესძინა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. მისი მოსწავლეები გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად იყენებენ საკლუბო საქმიანობაში: გეგმავენ აქტივობებს, მიმართავენ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს, მონაწილეობენ და იმარჯვებენ კონკურსებში. ახლახანს, მათი ინიციატივის საფუძველზე ადგილობრივმა გამგეობამ შორიდან მომავალი მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, შიდატრანსპორტის მარშრუტში სკოლაც ჩართო. კლუბი ,,ახალი ხედვა“ ვიდეოკონკურსშიც მონაწილეობდა და ბლოგების კონკურსშიც. კლუბის წევრების მიერ წარდგენილმა  ვიდეომ ,,მცხეთობა_ტესტი სამოქალაქო კულტურაში“, რომელიც  დღესასწაულზე ქალაქის დანაგვიანების თემას ეხება, ნომინაცია ,,მოქალაქე ჟურნალისტში“ პირველი ადგილი მოიპოვა. კლუბი უკვე სერიოზულად მუშაობს იმაზე, თუ როგორი აქტივობა დაგეგმოს მომავალში სიუჟეტში აღწერილი პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობისათვის.   გაიმარჯვა კლუბის ერთერთი აქტივისტის ბლოგმაც.
_ პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ თან საშუალებას გვიქმნის გავხდეთ უკეთესები (მრავალი მიმართულებით) და თან ჩვენს საქმიანობას არ ტოვებს შეფასებისა და წახალისების გარეშე. მიხარია, რომ წელს პედაგოგთა ფორუმზე ,,სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის“ წოდება მომენიჭა, მიხარია, რომ ჩვენი კლუბი ტექნიკის სრული კომპლექტით დაჯილდოვდა. ასეთი მიდგომა ზრდის მოტივაციას და შემდგომი საქმიანობისთვის განგვაწყობს. _ ამბობს პედაგოგი.
პროგრამის ფარგლებში მუშაობამ მისი თავდაჯერებულობა გაზარდა. ახლახანს დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა, გასაუბრება გაიარა და ელის შედეგებს. ერთი ფაქტია, რომ სადაც არ უნდა იმუშაოს ანა იმერლიშვილმა, ამ პროგრამით მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყველგან გამოადგება, რადგან სამოქალაქო განათლება პრიორიტეტულია მთელ საგანმანათლებლო სივრცისათვის.