17th Fe

სამოქალაქო განათლების პედაგოგი – ია კიწმარიშვილი, ბათუმის გიმნაზია “21-ე საუკუნე“

ია კიწმარიშვილი ბათუმის გიმნაზიაში „21-ე საუკუნე“ ასწავლის ისტორიას და სამოქალაქო განათლებას. მან პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გაიარა ტრენინგ კურსი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. 
 
სამოქალაქო განათლება პედაგოგისთვის ახალი საგანია, აქამდე ის მხოლოდ ისტორიას ასწავლიდა და აქედან გამომდინარე, მისი მოლოდინი ტრენინგის მიმართ განსაკუთრებული იყო, როგორც საგნის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების, ასევე საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით. როგორც ია აღნიშნავს, ტრენინგის ყველა დღე სიახლის მომცემი იყო, განსაკუთრებით კი გაკვეთილის დაგეგმვას და პროექტული სწავლების მეთოდებს გამოყოფს, რასაც აქტიურად იყენებს სწავლების პროცესში. ამ მეთოდების გამოყენებამ უფრო  საინტერესო და შინაარსიანი გახადა იას  მიერ ჩატარებული გაკვეთილები. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებისგან  დიდი მოწონება დაიმსახურა განსხვავებულობამ და სიახლემ, თავისუფალმა დიალოგმა, მსჯელობამ, რის საშუალებასაც პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოები იძლევა.  
 
პროგრამის ფარგლებში,  ია კიწმარიშვილმა ასევე  მონაწილეობა  მიიღო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში.  
 
„ძალიან გამიხარდა, რომ ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. სასიამოვნო და სახალისო გარემოში კიდევ უფრო გავიღრმავე  სამოქალაქო ცნობიერება. იქ მიღებული ცოდნის საფუძველზე, ბათუმში პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით  წარმატებით განვახორციელე დღის ბანაკი უმცროსკლასელი მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით.  
 
მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორცილებულმა აქტივობებმა  განაპირობა  წლის ბოლოს, ჩვენი სკოლის პედსაბჭოსგან   წლის  საუკეთესო პედაგოგის  ჯილდოს  მიღება. ყოველივე ამის შემდეგ მიზნად დავისახე კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჩემი თეორიული ცოდნა და ჩავაბარე საგნის სასერთიფიკაციო გამოცდა წარმატებით და მივიღე უფროსი მასწავლებლის წოდება.
 
არ ვჩერდები და კვლავ აქტიურად ვმუშაობ ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევის გაღრმავებისთვის.“