15th Fe

ნათია ხლუსიძე-თბილისის #155 საჯარო სკოლა

ნათია ხლუსიძე თბილისის #155 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია. სკოლა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“. პროგრამის ფარგლებში, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „მოდერნი“ წევრებთან ერთად, ნათია ხლუსიძემ რამდენიმე ინიციატივა განახორციელა. მათ შორის “იმუნიზაციის და მისი მნიშვნელობა“, „ახალგაზრდებში თავისუფალი დროის სწორად გადანაწილება“, „კონფლიქტის გადაჭრის ეფექტური გზები“, „პროფესიის არჩევა“, „ნატოს კვირეული“, „დასუფთავების აქცია“, „სკოლა ძალადობის გარეშე“,  „არა ტრეფიკინგს“. 
 
აღნიშნულ ინიციატივებში მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით თემში ჩაატარეს კვლევა, სკოლაში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია, თანატოლებს ჩაუტარეს ტრენინგები,  ითანამშრომლეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და  მოიწვიეს მათთვის საინტერესო დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მოსწავლეებს თემატური ლექცია-სემინარები ჩაუტარეს.
 
ნათია ხლუსიძეს წარმატებული საკლასო პროექტების განხორციელებაში დაეხმარა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებული 4 დღიანი ტრენინგ კურსი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“.  მასწავლებელმა ეს ტრენინგ კურსი 2015 წლის იანვარ-თებერვალში გაიარა და წარმატების სერთიფიკატიც დაიმსახურა.
 
როგორც თავად აღნიშნავს, გარდა საგანთან დაკავშირებული თეორიული და ინფორმაციული საკითხებისა, მან გაიმყარა და შეიძინა  ის უნარები, რომლებიც ეფექტური  საგაკვეთილო პროცესისთვისაა საჭირო.
 
„რა თქმა უნდა, ყველა ის მოდული, რომელიც ტრენინგების მსვლელობისას გავიარე პრაქტიკულად განვახორციელე. კერძოდ - მონაწილეობა, პროექტული სწავლება, რუბრიკებით შეფასება და ინტერაქტიული სწავლება. მაგალითად, რუბრიკებით შეფასებას ვიყენებ ყოველ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, რაც საშუალებას იძლევა უფრო გამჭვირვალე და ობიექტური იყოს შეფასება.“ 
  
ტრენინგების დასრულების შემდეგ, 2015 წლის მარტი-მაისის პერიოდში პედაგოგმა რამდენიმე პროექტი განახორციელა მოსწავლეებთან ერთად.  
 
ერთ-ერთი განხორციელებული პროექტის „დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს “ ფარგლებში #155 საჯარო სკოლაში ჩაატარეს კვლევა, რის შედეგადაც შეარჩიეს სამი სოციალურად დაუცველი ოჯახი. მოსწავლეებმა თემში საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს  და რესურსების მობილიზება შესძლეს. შეგროვილი პროდუქცია გადაეცათ შერჩეულ ოჯახებს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მოახერხეს კერძო ბიზნესის ჩართვა ამ პროცესში - კომპანიებმა „იფქლი“ და „შინჰოფერი“ არამარტო გადასცეს მათ თავიანთი პროდუქცია, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ნივთების და პროდუქტების მოგროვება-დარიგებაში.  
 
გარდა ამისა, სკოლაში მოიწვიეს ''საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ'', რომელთა წარმომადგენლებმა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართეს დისკუსია ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გამოწვევებზე. ასევე უჩვენეს თომა ჩაგელიშვილის ფილმი ''გზა ევროპისაკენ''. 
 
აღსანიშნავია, რომ ნათია ხლუსიძემ გაიმარჯვა მასწავლებლებისთვის გამოცხადებულ სოციალურ მედიის კონკურსში,  გაიარა სოციალური მედიის ტრენინგი და შექმნა ბლოგი, რომლის საშუალებითაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს საზოგადოებას.
  
მასწავლებელს აქვს სხვა გეგმებიც, როგორც თავად ამბობს: „ვგეგმავთ მონაწილეობის მოდულის განხორციელებას. 155 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდუბის რაიონის გამგეობის და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, ვაპირებთ მოვაწესრიგოთ სანიაღვრე სისტემა, რომელიც წვიმიან ამინდში ქმნის საგრძნობ სიძნელეებს. პრობლემა იდენტიფიცირებულია  და ვმუშაობთ პროექტის შექმნაზე“.