17th Ma

განახლებული ბიბლიოთეკა სიონის სკოლაში

სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივის შედეგად განახლდა სკოლის ბიბლიოთეკა და წიგნადი ფონდი -  ბიბლიოთეკას 32 ახალი წიგნი შეემატა. 
საკლასო პროექტი, რომელშიც  მე-10 კლასის  მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკის საინტერესო წიგნებით შევსებას ისახავდა მიზნად.
 პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და მოიპოვეს წერილობითი პირობა ახალი წიგნების შეძენის შესახებ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად სკოლას ახალი ენციკლოპედიური ტიპის გამოცემები შეემატა, ხოლო სკოლის დირექციამ  პროექტის მხარდასაჭერად  ბიბლიოთეკისთვის ახალი ავეჯი შეიძინა, იქვე განათავსეს 8 კომპიუტერი.
 
ყველაფერი სიონის სკოლაში ჩატარებული კვლევით და მისი ანალიზით დაიწყო. მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარი და გამოიკითხეს თანატოლები ისეთ თემებზე, როგორიც არის ,,წიგნი თუ კომპიუტერი“, ,,რომელი წიგნის წაკითხვა გაინტერესებთ და რა გიშლით ხელს“ და ა.შ. კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: სკოლის ბიბლიოთეკის მოძველებული წიგნადი ფონდის გამო, მოსწავლეებს არ ეხალისებათ გაცვეთილი, თემატურად მოძველებული წიგნების კითხვა და ამჯობინებენ კომპიუტერს, რომელიც ინფორმაციას უფრო სწრაფად და საინტერესოდ იძლევა. გარდა ამისა, გამოიცემა ახალი ნაწარმოებები, ქართველი და უცხოელი ავტორების, ყველა მოსწავლეს არ მიუწვდება ხელი  მათ შეძენაზე. ეს ხელს უშლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას.   
 
ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს: განაახლეს ბიბლიოთეკის ძველი წიგნები, უმცროს კლასელ მოსწავლეებთან ჩაატარეს საინტერესო შეხვედრები და ისაუბრეს წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე, გამოაცხადეს კონკურსი ,,თვის საუკეთესო მკითხველი სკოლაში“,  მოეწყო ლიტერატურული  საღამოები, ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა. მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის წიგნის ფესტივალს, სადაც  შეხვდნენ ფინელ მწერალს ემი იტერანტას და მიიღეს მისი ავტოგრაფი ქართულად თარგმნილ მის წიგნზე ,,წყლის საიდუმლო“.  
 
მოგვიანებით, კიდევ ერთი დამატებითი წყარო გამოუჩნდა სკოლის ბიბლიოთეკას -მშვიდობის კორპუსის მოხალისემ სოფია ლოპესმა იშუამდგომლა მშვიდობის კორპუსთან და სიონის და რამდენიმე სხვა აქტიური სკოლისათვის მოიპოვა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, ინგლისურის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გათვალისწინებით შედგენილი სახელმძღვანელოები და ადაპტირებული ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებას მოსწავლეებში.  
 
„ახლახან ჩვენი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თიანეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი ირაკლი ზვიადაური ესწრებოდა. ბ-ნმა ირაკლიმ მოიწონა ჩვენი პროექტი. გვიხარია, რომ შევძელით სკოლისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება.  რაც მთავარია, ამ პროექტმა ჩვენი კლასი უფრო გააქტიურა“ - აღნიშნა მარი დოჯურიშვილმა, სიონის საჯარო სკოლის მოსწავლემ შეხვედრის შემდეგ.