13th Ap

საქველმოქმედო კონცერტი მოზარდის დასახმარებლად

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ბალავარი“ წევრების ინიციატივით სკოლაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. მოსწავლეებმა მოზარდს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და საჭიროებდა ძვირად ღირებულ მკურნალობას, დახმარება გაუწიეს.
 
საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ მოსწავლეებმა ინფორმაცია მიაწოდეს  ადგილობრივ საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს, მოსახლეობას და ახლომდებარე სკოლებს. მოსწავლეებმა დაბეჭდეს და მოსახლეობაში გაავრცელეს ბილეთები, მოამზადეს ხელნაკეთი ნივთები გამოფენა-გაყიდვისთვის. სოფლის კულტურის სახლის მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის ჯგუფები და  თემის წევრები. 
 
2016 წლის 6 აპრილს გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა,  რომელსაც გაუძღვნენ სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები. კულტურის სახლში დაიდგა შემოწირულობის ყუთი, მოეწყო რამდენიმე სკოლის მიერ შემოწირული ნახატების აუქციონი, ასევე ამოქმედდა საბანკო ანგარიში.  ყველა ამ ღონისძიების შედეგად შეგროვდა1029 ლარი. 
 
,,დიდი პასუხისმგებლობა იყო, არ მეგონა, თუ ჩვენი ინიციატივის შედეგად ამხელა თანხა შეგროვდებოდა“-სთქვა მარიამ ჯვართავამ, სამოქალაქო კლუბის  წევრმა. 
 
საქველმოქმედო აქცია-კონცერტს დაესწრო სამასამდე ადამიანი, როგორც ადგილობრივი, ისე ახლომდებარე სოფლებიდან, ასევე მუნიციპალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.