8th Feb

საქველმოქმედო კონცერტი „გადავარჩინოთ ჩვენი სახლი“

2015 წლის 23 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების - შპს „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ და სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი „გადავარჩინოთ ჩვენი სახლი“. ღონისძიების მიზანი იყო ბათუმის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები აღსაზრდელებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა და საქველმოქმედო კონცერტის მეშვეობით ფონდების მოძიება სახლის რეაბილიტაციისათვის.   
 
ინიციატივის ავტორი მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში მოხალისეობრივ საქმიანობას ასრულებდნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლში. მათ გაიცნეს იქ მცხოვრები აღსაზრდელები და დამეგობრდნენ. კლუბის წევრები დახმარებას უწევდნენ გაკვეთილების მომზადებაში და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების მოწყობაში. მოხალისე მოსწავლეებისთვის სახლში არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სახლს ესაჭიროება გადაუდებელი რეაბილიტაცია, სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა კი არ იყო სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული. ამის შემდეგ, კლუბის წევრებმა დაგეგმეს საქველმოქმედო კონცერტის მოწყობა.  
  
მოსწავლეებმა ინფორმაცია საქველმოქმედო კონცერტის შესახებ სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.  
კონცერტის მომზადების პროცესში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სასტუმრო „რადისონ ბლუ-ბათუმის“ ადმინისტრაციასთან, რომელმაც კონცერტის ჩასატარებლად დარბაზი უსასყიდლოდ დაუთმო. მოსწავლეები, ასევე, აქტიურად თანამშრომლობდნენ აჭარაში მოქმედ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, ბიზნეს სექტორთან და ბათუმის სასპორტო სკოლასთან.   
 
მოსწავლეებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლის საჭიროებებზე ვიდეო ფილმი გადაიღეს, რომელიც საღამოზე უჩვენეს. ფილმმა თითოეულ მონაწილეს  ნათლად დაანახა სახლის გადარჩენის აუცილებლობა.  
 
კონცერტში მოსწავლეთა ცეკვის და სიმღერის ანსამბლები და საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობები, მომღერლები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. კონცერტის დაწყებამდე გაიმართა შშმ ბავშვების ნახატების გამოფენა–გაყიდვა.   
  
საქველმოქმედო კონცერტის შედეგად შეგროვდა 1000 ლარი, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლს გადაერიცხება.  
 
უნდა აღინიშნოს, რომ კონცერტზე მოწვეულმა სტუმრებმა მათ სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრეს.  ქალაქის ვიცე- მერმა მუნიციპალიტეტის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აღუთქვა მოსწავლეებს. ასევე, მხარდაჭერას დაპირდა უზენაესი საბჭოს წარმომადგენელი. ინიციატორმა მოსწავლეებმა კი, მათ მიერ დაწყებული კეთილი საქმის კვლავ გაგრძელებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ახალი მხარდამჭერების მოძიების მიზნით მათ მიერ გადაღებულ ფილმს სახლის საჭიროებების შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელებენ.