29th Ja

უსაფრთხო გზა სკოლამდე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ''მომავალი ჩვენია'' წევრების ინიციატივით სკოლამდე მისასვლელი გზა გახდა უსაფრთხო. 
 
სკოლა ქუთაისი – სამტრედია – ხონის გზის პირას მდებარეობს, შესაბამისად მოძრაობა სკოლის წინ ყოველთვის არის გადატვირთული. ქვეითად მოსიარულეთა, განსაკუთრებით კი მოსწავლეთა გადაადგილება  არ იყო უსაფრთხო, რადგან სკოლის წინ არ იყო დამონტაჟებული სათანადო საგზაო ნიშნები.  
 
სოფელ ღანირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად წერილობით მიმართეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ვალერი ფოცხვერიას და სკოლის წინ სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების დამონტაჟების მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შუამდგომლობა სთხოვეს.
 
კლუბის წევრთა მოთხოვნა გამგებლის ვალერი ფოცხვერიას და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ზაზა თოფურიას თანამშრომლობის შედეგად მალევე მოგვარდა. შეირჩა სამშენებლო კომპანია, რომელმაც განახორციელა სამუშაოებები.  
 
სოფელ ღანირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, სკოლის წინ დამონტაჟდა სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი და განთავსდა საგზაო ნიშნები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საგზაო უსაფრთხოება.