28th Ja

სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივა

სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ლიდერი“ წევრებმა თემის პრობლემების განხილვის დროს გადაწყვიტეს მათ სოფელში  მინერალური წყლის არსებობის და მისი სამკურნალო თვისებების   შესახებ საზოგადოების ინფორმირება და წყაროს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ზრუნვა. 
 
მოსწავლეებმა ამ პრობლემაზე მუშაობისთვის პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მოიპოვეს მცირე გრანტი. მოსწავლეებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ  წამოიწყეს ადვოკატირების პროცესი. სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ  ლენტეხის მუნიციპალიტეტის  გამგებელს ბ-ნ ამირან ჯამბურიძეს და გააცნეს მას ინიციატივა. ბ-ნი ამირანი  დაპირდა მოსწავლეებს, რომ  მინერალური წყლის ტერიტორიაზე  დაიდგმება საინფორმაციო  ბანერი, ასევე  შესრულდება მიმდებარე ტერიტორიის და თვით წყაროს მოპირკეთების სამუშაოები,   გაკეთდება წყაროსთან მისასვლელი ბილიკი და  ჯებირები, რომელიც მას დაიცავს დაზიანებისაგან და დაბინძურებისაგან.    
შემდეგ მოსწავლეები შეხვდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის  სურსათისა და უვნებლობის  სააგენტოს წარმომადგენელს ბ-ნ ზურაბ ლიპარტელიანს, რომელმაც დაადასტურა, რომ არსებობს წყლის  სინჯები და რომ ხოფურის მინერალური წყალი ბორჯომის ტიპისაა თავისი თვისებებით. 
 
2016 წლის დასაწყისში ლენტეხის  მუნიციპალიტეტი    გამოაცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია შეასრულებს ზემოთ  ხსენებულ  სამუშაოებს.  
 
მოსწავლეებმა მცირე  გრანტის ფარგლებში  შეიძინეს ფოტო აპარატი/კამერა, გადაიღეს  წყაროსთან არსებული მდგომარეობა, რათა შემდგომშიც დახმარება და პოპულარიზაცია გაუწიონ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
 
წყაროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ მოსწავლეები აპირებენ ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობას. მომზადდება საინფორმაციო ფლაიერები, სადაც იქნება ინფორმაცია წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ, რომ არა მარტო სოფლის მოსახლეობა სარგებლობდეს ამ წყლით, არამედ მოიზიდოს სხვა თემის წარმომადგენლები და ტურისტები. მოსწავლეები ამ ინფორმაციას ასევე სოციალური ქსელის მეშვეობითაც გაავრცელებენ.   
 
მინერალური წყლის ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვის მიზნით განთავსდება სანაგვე ურნები.