22nd Ja

მოსწავლეები ჯანსაღი მომავლისათვის

2015 წლის თებერვალში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჯგალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  მოსწავლეების მიერ განხორციელებულ მცირე-გრანტის პროექტს  „ჯანსაღი მომავლისათვის“ გაგრძელება მოჰყვა.  
 
პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.  პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა მიიღეს   ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევებისა და არასწორი ქცევის უარყოფით ზეგავლენაზე. შედეგად გაიზარდა მათი ჩართულობა სპორტული აქტივობებით. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სკოლის სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თავისუფალი დროის სწორად გამოყენებას. 
 
პროექტის განხორციელების დასრულების შემდეგ, სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს დამატებითი რესურსების მოსაძიებლად და სკოლის ეზოში არსებული სპორტული მოედნის პირობების გასაუმჯობესებლად. ახალგაზრდების მონდომებისა და აქტიურობის შედეგად, ჯგალის თემის რწმუნებულმა მერაბ კვარაცხელიამ მოიწონა ახალგაზრდების ინიციატივა და სკოლის სპორტულ მოედანზე დამატებით განათების სისტემა დამონტაჟდა. გამგეობამ,  ასევე, თბილისის დინამოს სტადიონიდან მიღებული 20 სკამი გადასცა სკოლას, სპორტულ მოედანზე განსათავსებლად. ადგილობრივი თემის წარმომადგენელმა კახა კვარაცხელიამ ახალგაზრდების ინიციატივას მხარი დაუჭირა და სკამები  უსასყიდლოდ შეაკეთა და დაამონტაჟა. 
 
მოსწავლეებმა გარემოს სისუფთავეზეც იზრუნეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას ერთი სანაგვე ურნა, რომელიც საკმარისი არ არის. ახალგაზრდების თხოვნის საფუძველზე, სოფლის რწმუნებულმა ასევე გამოთქვა მზაობა გაუწიოს მოსწავლეთა ინიციატივას რეკომენდაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში, რათა მათ სკოლას გადასცენ დამატებითი ურნები.
 
მოწესრიგებულ სპორტულ მოედანზე მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები ყოველ დილით ვარჯიშობენ, ასევე პერიოდულად მიმდინარეობს სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რომელშიც ჩართულნი არიან არა მხოლოდ ჯგალის, არამედ ახლო მდებარე სოფლების მოსწავლეებიც.  
 
 ჯგალის თემის რწმუნებულმა მერაბ კვარაცხელიამ აღნიშნა: სკოლის სტადიონი გახდა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, ისინი  არიან ჩართულნი სპორტულ აქტივობებში, მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და თავისუფალ დროსაც სწორად ანაწილებენ. აღსანიშნავია გამოცოცხლება, როგორც ჯგალის თემში, ასევე ახლო მდებარე სოფლების ახალგაზრდებში, ეს კი ჯგალის სკოლის მოსწავლეების აქტიურობისა და მონდომების დამსახურებაა.