14th Ja

მუხრანას სკოლაში სპორტული დარბაზი გარემონტდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინიციატივით სკოლის სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 
 
პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 2015 წლის მაისში, პარტნიორი ორგანიზაციის „სიქას“ მიერ გამოცხადდა ვიდეოების კონკურსი. კონკურსის ნომინაციაში „ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა“ მონაწილეობა მიიღო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის მე-10 კლასის აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა ვიდეოში ასახეს სკოლის სპორტული დარბაზი, რომელიც იმ დროისთვის სავალალო მდგომარეობაში იყო და მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ სპორტული აქტივობების განხორციელებას.   
 
ვიდეო რგოლმა კონკურსში მე-2 საპრიზო ადგილი აიღო. დაჯილდოების ცერემონიალს და ვიდეო რგოლის საჯარო ჩვენებას დაესწრო  ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე, რომელიც პრობლემით დაინტერესდა და არსებული სიტუაცია დეტალურად შეისწავლა. მისივე ინიციატივით, სკოლის დირექტორმა, მოსწავლეების სახელით,  ოფიციალური წერილით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. წერილის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში სამინისტროს წარმომადგენლები სკოლას ესტუმრნენ, დარბაზის მდგომარეობა შეისწავლეს და მოსწავლეებს დაპირდნენ, რომ ახალ წლამდე გარემონტებული დარბაზი ექნებოდათ. ნოემბრის თვეში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად დაიწყო, ამ დროისთვის ბოლო დეტალები სრულდება. მოსწავლეები ახალ 2016 წელს  კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით შეხვდებიან, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს გამართავენ.   
 
ნესტან ონიანი, მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი: - პროგრამის „მომავლის თაობა“ აქტივობებში ჩართვით მოსწავლეები გააქტიურდნენ… ამ შემთხვევის შემდეგ კი, როდესაც მათ ინიციატივას ამხელა გამოხმაურება მოჰყვა და პრობლემაც რეალურად მოგვარდა, ბავშვებს რწმენა დაუბრუნდათ  და ახლა უკვე იციან, რომ მათაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეების კეთება. უკვე სახავენ სამომავლო გეგმებს. აი, ეს არის სამოქალაქო განათლების შედეგი.