17th No

უსაფრთხო გზა ქვეითს

თბილისის 186 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების მიერ განხორციელებული ადვოკატირების პროცესის შედეგად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი აღდგა. 
 
2015 წლის თებერვალი-აპრილის თვეებში, თბილისის 186 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების მიერ განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი „უსაფრთხო გზა ქვეითს“, რომლის მიზანი მოსახლეობისთვის საგზაო წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. პროექტის განხორციელების პროცესში კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების უსაფრხო გადადგილებისთვის ადვიკატირების პროცესი დაიწყეს. 

თბილისის #186 საჯარო სკოლა დიდი დიღმის რაიონში მდებარეობს, სკოლისკენ მიმავალ გზაზე წაშლილი იყო ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი ნიშანი,   მძღოლები მოსწავლეებს  და ფეხითმოსიარულე მოსახლეობას გზას არ უთმობდნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ გადაადგილებას. ადვოკატირების პროცესი მიზნად ისახავდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ე.წ „ზებრა“ გადასასვლელის აღდგენას. თავდაპირველად მოსწავლეებმა, ოფიციალური წერილით, ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს მიმართეს, რის შედეგადაც გადასასვლელის დახაზვაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. პროცესი 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გამოწვეულმა ტრაგედიამ შეაფერხა.  2015 წლის ოქტომბრის თვეში კლუბის წევრებმა ხელახლა მიმართეს მერიას, ამჯერად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. მოსწავლეთა ინიციატივამ შედეგი გამოიღო და 2015 წლის 8 ნოემბერს 186 საჯარო სკოლისკენ მიმავალ გზაზე ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი  თბილისის მერიამ აღადგინა. აღსანიშნავია, რომ გადასასვლელი არა მხოლოდ მოსწავლეების მიერ მოთხოვნილ მონაკვეთზე აღდგა, არამედ დიდი დიღმის დასახლების ყველა იმ ადგილას, სადაც აღნიშნული საგზაო ნიშანი წაშლილი იყო. 
 
„მოხარული ვარ, რომ კლუბის წევრების მიერ გაწეულმა ადვოკატირების პროცესმა გამოიღო შედეგი და დღეიდან უფრო დაცული იქნება დიდი დიღმის მოსახლეობის უფლებები და სიცოცხლე“- სთქვა სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა ირაკლი მანაგაძემ.