2nd Oct

ურეკის მოსწავლეების წარმატებული ინიციატივა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში  სამოქალაქო კლუბი ,,Black Sea’,’ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან სამოქალაქო კლუბი, მისი მეურვე პედაგოგის ცისანა ჭეფხოძის დახმარებით აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მათი მონაწილეობით, კლუბის წევრებმა   თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით არაერთი საინტერესო ინიციატივა განახორციელეს.  
 
აქტიური მუშაობისთვის  ურეკის საჯაო სკოლის სამოქალაქო კლუბმა  პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ 2015 წლის საკლუბო ტექნიკის  კონკურსში დამსახურებულად გაიმარჯვა .  
 
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს  დაბა ურეკის საჯარო სკოლის   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემავალი ლესის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისათვის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ამავდროულად გასართობი   ექსკურსიის მოწყობა აჭარის რეგიონში. 
 
ურეკის საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივას მხარი დაუჭირეს  სს ,,ქართუ ჯგუფის’’,   დასასვენებელი სახლის ,,პრემიუმის’’, სანატორიუმ ,,კოლხიდას’’ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.  
 
,,ბავშვების ექსკურსიაზე  წაყვანის სურვილი  დიდი იყო, თუმცა მისი განხორციელება საკმაო თანხებს საჭიროებდა. მე და ჩემმა კლუბის წევრებმა დახმარებისთვის მივმართეთ  ჩვენს დიდ ქომაგს,    დაბა ურეკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ბატონ დავით რობაქიძეს და ასევე ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც დახმარება გაგვიწიეს და ჩვენი ინიციატივა განხორციელდა, რისთვისაც უზომოდ მადლიერები ვართ’’ - აღნიშნა ცისანა ჭეფხოძემ, ურეკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგმა.  
 
მოსწავლეებმა მოინახულეს ,,ციხე პეტრა’’, ,,გონიოს ციხე’’, მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღი, სხვადასხვა ეკლესია მონასტრები, დაესწრნენ დელფინარიუმში წარმოდგენას და დაათვალიერეს ზოოპარკი, ხოლო  McDonald’s-ის რესტორანში საუზმის დროს, ანიმატორებმა გაართეს პატარები.  
 
,,არასდროს ვყოფილვარ დელფინარიუმში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრი რამ ვნახე, კიდევ ვისურვებდი ასეთ ექსკურსიებს’’ - სთქვა გიორგი კვაჭაძემ, ურეკის საჯარო სკოლის   მოსწავლემ.  
 
ღონისძიებაში მონაწილეობდა  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 4 მოსწავლე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის 7 აღსაზრდელი, 5 პედაგოგი, სამოქალაქო  კლუბის 4 წევრი, დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი, სულ 21 ადამიანი.