10th Ju

მცირე გრანტით მოწყობილ სპორტულ მოედნებს მოაჯირი გაუკეთდება

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი ,,ჩვენ შევძლებთ“ წარმატებით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები და აღიჭურვა სპორტული ინვენტარით,  მოსწავლეებმა ჩაატარეს სათემო კვლევა  ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის დასადგენად, ხოლო შემდეგ მომზადდა და თემში გავრცელდა საინფორმაციო ლიფლეტები, მოსწავლეებმა სტუმრად მოიწვიეს ექიმი და სპორტული გამოცდილების მქონე ადამიანი აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ, ჩატარდა მხიარული სტარტები და შეჯიბრი კალათბურთსა და ფრენბურთში. 
 
პროექტის დასრულების შემდეგ კოხნარის საჯარო სკოლა ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვა დაფინანსება, რის შედეგადაც მცირე გრანტით მოწყობილ მოედნებს მოაჯირი გაუკეთდება.  
 
- პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში განხორციელებული მცირე გრანტის პროექტი  ახალი პროექტის საწინდარი გახდა. სპორტული მოედნები რომ არ მოწყობილიყო, მოაჯირების გაკეთების საჭიროებაც არ იქნებოდა. ამ კუთხით ბევრს ვმუშაობთ, კიდევ გვაქვს მომზადებული პროექტი, რომელიც მოედნების მთლიან შემოღობვას და რბილი საფარის დაგებას ითვალისწინებს. ამ გზით ჩვენ მცირე გრანტით მიღწეული შედეგების მდგრადობასა და განვითარებაზე ვზრუნავთ - ბელა ქემოკლიძე, პროექტის კოორდინატორი. 
 
- ახლად დაფინანსებული პროექტის განხორციელებაში მოსწავლეები აქტიურად ჩავერთვებით. მცირე გრანტის განხორციელებისას ჩვენ უკვე დაგვიგროვდა ის გამოცდილება და უნარები, რაც მომავალში პროექტებზე მუშაობას უფრო გაგვიადვილებს. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ვისწავლეთ გუნდური მუშაობა, გავაცნობიერეთ, რომ ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, ვისწავლეთ სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობა და ამ გზით პრობლემების მოგვარება. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი კლუბის მიერ წამოწყებული საქმე ასე წარმატებით გრძელდება და მოწესრიგებული, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი და უსაფრთხო სპორტული მოედანი გვექნება - ლედი უშვერიძე, სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლე. 
 
პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გურიის რეგიონში პროგრამის  პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.