15th Fe

სამცხე- ჯავახეთის სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმატებას მიაღწიეს

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულმა სამცხე- ჯავახეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმატებას მიაღწიეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში ახალგაზრდული კომპონენტისთვის  თანხის გამოყოფა და სათემო პრობლემების მოგვარებისთვის  გამიზნული ინიციატივების დაფინანსება გადაწყდა.  მოსწავლეთა ერთობლივი აქტივობის საფუძველზე ახალციხის საჯარო ბიბლიოტეკაში  ონლაინ ბიბლიოთეკის საძიებო სისტემის შექმნა გახდა შესაძლებელი.
 
მოსწავლეებმა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ ტელევიზიის საშუალებით შეიტყვეს და გადაწყვიტეს  ჩართულიყვნენ ამ პროცესში. ახალციხის, სოფელ ურაველის და სოფელ აწყურის საჯარო სკოლების  სამოქალაქო  კლუბის წევრები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავჯდომარეს ბ-ნ  მალხაზ  გიქოშვილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ  მალხაზ ასპანიძეს, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით ღვალაძეს და მათთან ერთად თემში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა დაასახელეს მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები, როგორიც არის ქალაქის ბიბლიოთეკის ფონდის განახლების აუცილებლობა, ქალაქის დასუფთავების და გამწვანების პრობლემა,  ქალაქში კინოდარბაზის არარსებობა და სხვა. ამასთან, მოსწავლეებმა ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვეს  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს.
 
 შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება  ეს საკითხები.  მოსწავლეების და  სხვა ახალგაზრდების მიერ პროექტის წარდგენის შემთხვევაში ბიუჯეტიდან დაფინანსდება ახალგაზრდული ღონისძიებები. ბიუჯეტის დამტკიცების დროს ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
 
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს PH International,  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.