21st Ma

კერძო სკოლა „ივერონის“ 131 მოსწავლე უფასოდ იმგზავრებს

თბილისის კერძო სკოლა „ივერონის“ სამოქალაქო  კლუბის წევრების წარმატებული ადვოკატირების პროცესის წყალობით, მათი სკოლის მოსწავლეებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ - სკოლა „ივერონის" 131 მოსწავლეს  საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ბარათები გადაეცათ. 
 
ამ დრომდე, მოსწავლეთა სამგზავრო ბარათების არქონის გამო, კერძო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო ტრანსპორტით უფასოდ ვერ მგზავრობენ. კერძო სკოლა „ივერონმა“ რამდენჯერმე მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, რათა მათი მოსწავლეებისთვისაც მიეცათ სამგზავრო ბარათები, თუმცა უშედეგოდ. 
 
მას შემდეგ, რაც 2014 წლის ნოემბერში, სკოლა „ივერონში“  სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბი „ივერონი" ჩამოყალიბდა, მისმა წევრებმა კლუბის სახელით და ადვოკატირების გზით მიზნის მიღწევა კიდევ ერთხელ სცადეს. 
 
პრობლემის ირგვლივ, სკოლა „ივერონთან“ ერთად,  სამოქალაქო პროგრამის „მომავლის თაობა"  თბილისის რეგიონის სხვა პარტნიორი კერძო სკოლების სამოქალაქო  კლუბების წევრი მოსწავლეებიც გაერთიანდნენ. ისინი 27 აპრილს  თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამოქალაქო  კლუბების წევრებმა  პრობლემაზე - კერძო სკოლების მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო გადაადგილების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილემ კობა ჭანპურიძემ მოსწავლეებს დახმარება აღუთქვა და პრობლემის მოგვარების პროცესში თბილისის მერიის სოციალური სამსახურიც ჩართო. 
 
საბოლოოდ, სამოქალაქო კლუბის „ივერონი" მიერ მერიაში გაგზავნილი ოფიციალური წერილის პასუხად, თბილისის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 19 მაისს  კერძო სკოლა „ივერონის" 131 მოსწავლეს უფასო სამგზავრო ბარათები გადაეცათ. ახლო მომავალში მსგავსი ბარათები სხვა კერძო სკოლის მოსწავლეებსაც დაურიგდებათ. 
 
"ამაყები ვართ, რომ ჩვენი ინიციატივის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტით თბილისის სხვა კერძო სკოლის მოსწავლეებიც ისარგებლებენ"-განაცხადა სამოქალაქო  კლუბის „ივერონი" წევრმა ბარბარე ხორნაულმა.