11th Ma

აფენის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმატებები

აფენის #1 საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას 2011 წლიდან შეუერთდა. მრავალფეროვანი და საინტერესო საკლუბო მუშაობის გარდა, სკოლის სამოქალაქო  კლუბს წარმატებული შედეგები აქვს, როგორც მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კუთხით.

2011 წლის მარტში მცირე გრანტის პროექტი ,,არ შეწყვიტოთ ფიქრი სასწაულებზე“  ითვალისწინებდა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირების კამპანიის ჩატარებას. პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხოლო  ადგილობრივ მედიასთან  ეფექტური თანამშრომლობის გზით მოხდა კვლევის შედეგების მიწოდება ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. კვლევის შედეგად გამოვლენილი თემში არსებული პრობლემები გააშუქა ლაგოდეხის ტელევიზიამ. ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა მოსწავლეების მიერ წამოწეული პრობლემებით. შედეგად  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოგვარდა  მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პრობლემები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: ზემო ნაშოვარში გაიყვანეს გარე განათება და სასმელი წყალი, ხოლო სავალი გზის საფარი მოწესრიგდა  ჭაბუკიანსა და ონანაურის დამაკავშირებელ გზაზე.

მოსწავლეებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის და სათემო პრობლემებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება უკვე ჰქონდათ და მათ გადაწყვიტეს ახალი სათემო პრობლემის - აფენის წმინდა გიორგის ტაძართან მისასვლელ გზაზე ფიცრებისგან შეკრული საცალფეხო გადასასვლელი ხიდის განახლება.  სამოქალაქო კლუბის ინიციატივას გამოეხმაურა  ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი, რომელმაც უზრუნველყო 750 ლარის სამშენებლო მასალა, ხოლო ტექნიკითა და მუშახელით დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ითავა. სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით დამონტაჟდა ახალი გადასასვლელი ხიდი, რომლითაც უკვე მთელი სოფელი სარგებლობს.

აფენის #1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მორიგი წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა თანამშრომლობა ადგილობრივ ბიზნესმენთან - მერაბ ფერაძესთან, რომელმაც უზრუნველყო სკოლაში ბუნებრივი აირის შეყვანა და მრიცხველის დამონტაჟება, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 5000 ლარი, ხოლო საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელმა ბ–ნმა მამუკა კობახიძემ, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია,  საკუთარი ხარჯებით გაზგაყვანილობისათვის საჭირო მილები აჩუქა აფენის სკოლას. დღეისათვის სამუშაოები უკვე დასრულებულია და აფენის სკოლას აქვს გაზი.

აფენის #1 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები სხვა საინტერესო  და თემისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.