6th May

ბახვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმატებული თანამშრომლობა

ბახვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე საგრანტო პროექტის ,,სამოქალაქო კლუბის მდგრადობისთვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან წარმატებით ითანამშრომლა. მოსწავლეებმა პროექტი სკოლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის შემოღობვის, კეთილმოწყობისა და მასზე შემოსავლიანი კულტურის, თხილის გაშენების მიზნით მოამზადეს. პროექტის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებისა და სკოლის რესურსით ნაკვეთის სრულყოფილად დამუშავება და ნიადაგის მომზადება ნერგების დასარგავად ვერ ხერხდებოდა. კლუბის წევრებმა აღნიშნული პრობლემა ერთ-ერთ შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გააცნეს და ნაკვეთის დამუშავებაში დახმარება სთხოვეს. მოსწავლეების თხოვნის საფუძველზე გამგეობამ გამოყო თანხა, რომელიც სპეციალური ტექნიკით ნაკვეთის ქვა-ღორღისაგან და ეკალ-ბარდისაგან გაწმენდას, დახვნას და ნიადაგის დამუშავებას მოხმარდა. სულ დამუშავდა 4500 კვ.მ. ფართობი. ხოლო მცირე გრანტით მიღებული თანხით ნაკვეთი შემოიღობა.

პროექტის განხორციელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ სამოქალაქო კლუბს ექნება სტაბილური და მუდმივი შემოსავალი ნაკვეთზე გაშენებული თხილის ბაღიდან, რაც გარანტიაა კლუბის სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობისა" - აღნიშნა კლუბის მეურვე პედაგოგმა ხათუნა ბარამიძემ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა აწარმოეს საინფორმაციო კამპანია მხარდამჭერების მოსაძიებლად, მონაწილეობა მიიღეს ნაკვეთის გაწმენდასა და შემოღობვაში, ადგილობრივ მოსახლეობაში უსასყიდლოდ მოიპოვეს და დარგეს 300-მდე თხილის ნერგი, ასევე დაესწრნენ ტრენინგს და მიიღეს ინფორმაცია ნერგების მოვლა-გახარების საკითხებზე.