6th May

ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში ინიცირებული პროექტები წარმატებით განხორციელდა

წალკის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, წალკაში, ჭელიძის ქუჩაზე, დაიდგა ოთხი  საგზაო ნიშანი და დამონტაჟდა სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები. ჭელიძის ქუჩაზე  სკოლა და საბავშვო ბაღია განთავსებული. პროექტის განხორციელების შედეგად გზაზე მოსახლეობის უსაფრთხო მოძრაობა უზრუნველყოფილია.
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული და  ქართული სექტორის მოსწავლეებმა მარნეულში მთავარ - რუსთაველის ქუჩაზე მისამართის  და  ნუმერაციის მქონე აბრების დამონტაჟების აუცილებლობა დაასახელეს პრიორიტეტულად.  შენობებზე აბრების არ არსებობა პრობლემას უქმნიდა ქალაქის სტუმრებს, სახანძრო, სასწრაფო   დახმარების და ფოსტის სამსახურებს.  აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად  სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა ინიციატივით მიმართეს მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობას. ქალაქის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურთან ერთად შემუშავდა რუსთაველის ქუჩაზე შენობების ნუმერაციის გეგმა, მისამართის აბრების დიზაინის შერჩევაში მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. შედეგად 135 შენობაზე დამონტაჟდა   აბრა. აბრების შენობებზე დამაგრების ხარჯი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო, ხოლო ინტეგრაციის ბანაკში ინიცირებული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა აბრების დამზადება.
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ქართული და  აზერბაიჯანული სექტორის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა  გზებზე უსაფრთხო გადაადგილების პროექტი მოამზადეს. მოსწავლეებმა ბოლნისში სამი  ადგილი დაასახელეს, სადაც საჭირო იყო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გზით სამივე ადგილას დამონტაჟდა სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები, რაც ხელს უწყობს გზებზე მოქალაქეების უსაფრთხოებას.