24th Fe

ჩიბათის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყო

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტის პროექტის ,,ჩვენი ხელებით“ განხორციელების პროცესში სკოლის დირექციასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სანერგე მეურნეობებთან თანამშრომლობით წარმატებას მიაღწია. პროექტის ფარგლებში სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყო.

კლუბს სკოლის დირექციამ  შენობა გადასცა სათბურის მოსაწყობად. ჩიბათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ხის მასალა და  მუშახელი გამოყო სათბურის გადასახურად და მასში შესაბამისი პირობების მოსაწყობად. ადგილობრივი სანერგე მეურნეობის ორმა მესაკუთრემ სათბური საჭირო ნერგებითა და მცენარეთა კალმებით უზრუნველყო. სკოლის დირექციის დახმარებით სკოლის წინ დახლიც მოეწყო, სადაც მცენარეების რეალიზაცია მოხდება შემდეგში კლუბის მდგრადობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

პროექტის ,,ჩვენი ხელებით“ მსვლელობის დროს ჩატარდა შეხვედრები მოსწავლეებში სამეურნეო საქმიანობისა და მცენარეთა მოვლა-გახარების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლების მიზნით. მოსწავლეები გასვლითი ვიზიტებით იმყოფებოდნენ კერძო სანერგე მეურნეობებში, სპეციალისტები სკოლაშიც მოიწვიეს. თავად დარგეს და საკუთარ თავზე აიღეს მცენარეების მოვლა-გახარება.

,,პროექტმა არამარტო სკოლა, თემი გააერთიანა. ჩვენ ჩვენი ხელებით ვეზიდებოდით ნიადაგს, ქოთნებში ვათავსებდით, შესაბამისი მინერალებით ვამდიდრებდით და ვრგავდით მცენარეებს. მეტი ეფექტურობისთვის გადავწყვიტეთ, თითოეულ ქოთანზე მზრუნველობა კონკრეტული ადამიანისთვის დაგვეკისრებინა, ქოთნებზე სკოლის მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისა და მშობლების სახელები დავაწერეთ. ამ გზით პროექტში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთეთ და ერთგვარი შეჯიბრიც წამოვიწყეთ - ვნახოთ წლის ბოლოს ვისი მცენარე იქნება ყველაზე უკეთ მოვლილი და გახარებული“ - აღნიშნეს სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა.  

14 თებერვალს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, თუმცა როგორც კლუბის მეურვე პედაგოგი, ვლადიმერ აფხაზავა აღნიშნავს, ეს მხოლოდ დასაწყისია პროექტისა. ,,სამომავლოდ სასათბურე მეურნეობის გაფართოება იგეგმება, რისთვისაც კვლავ აქტიურად ვითანამშრომლებთ სხვადასხვა მხარესთან“.

მცირე გრანტის ფარგლებში კლუბმა შეიძინა 450 ცალი ქოთანი, ასევე პოლიეთილენის პარკი სათბურის გადასახურად და სამუშაო იარაღები.