7th Oct

სუფსის საჯარო სკოლას წყალი მიეწოდება

სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ძალისხმევით და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან წარმატებული  თანამშრომლობის შედეგად სუფსის საჯარო სკოლას წყალი მიეწოდება.

პროექტი სუფსის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ ახალგაზრდულ ფორუმზე  იყო ინიცირებული, რადგან გაუმართავი სისტემის გამო სუფსის საჯარო სკოლას წყალი წლების მანძილზე არ მიეწოდებოდა, რაც დიდ პრობლემებს  უქმნიდა, როგორც მოსწავლეებს, პედაგოგებს ისე სკოლის ადმინისრაციას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით. სუფსის საჯარო სკოლა  325 მოსწავლეს, 43 პედაგოგს და 8 ტექნიკურ პერსონალ აერთიანებს.

პროექტის წარმატებით განხორციელების  მიზნით მოსწავლეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად აფხაზავას შეხვდნენ და არსებული პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე ესაუბრნენ. დაიგეგმა პრობლემის შესწავლა და შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა ამ საქმეში. მოსწავლეების ინიციატივით  განმეორებითი შეხვედრა ამ საკითხზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიგინეიშვილთან გაიმართა. მოსწავლეთა ინიციატივამ და დაჟინებულმა აქტივობამ  შედეგი გამოიღო - სოფელ სუფსის ადგილობრივმა თვითმმართველობამ  წყლის სისტემა  დაამონტაჟა და დღეისათვის სკოლას წყალი უწყვეტად მიეწოდება.