29th Ma

კუმისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

სოფელ კუმისის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში მხოლოდ გასულ წელს ჩაერთო.  სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი „ქველი“, რომლის  წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით  არაერთი სამოქალაქო ინიციატივა განახორციელეს. აქტიურად მუშაობს კლუბის ბლოგიც, სადაც კლუბის წევრები თანატოლებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

 

სამოქალაქო კლუბის წევრებმა კიდევ ერთი, თემში არსებული პრობლემის, კერძოდ, სოფლის საბავშვო ბაგა-ბაღ წყლით მომარაგების მოგვარების საქმეში მიიღეს მონაწილეობა. თემის საჭიროებების კვლევის დროს ეს პრობლემა თემისთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა.

 

წლების განმავლობაში დაზიანებული სასმელი წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობის გამო ბაგა-ბაღს სასმელი წყალ არ მიეწოდებოდა. ბაგა-ბაღის თანამშრომლებს წყლის შორი მანძილიდან მოტანა უხდებოდათ, რაც რა თქმა უნდა ხელს უშლიდა ჰიგიენური პირობების დაცვას და საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას.

 

კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას,  შეხვდნენ საკრებულოს დეპუტატ ვეფხია ქობულაძეს, ერთობლივად იმსჯელეს პრობლემის მოსაგვარებლად ჩასატარებელი სამუშაოს საჭიროებებზე. კლუბის წევრებმა ინფორნმაცია კლუბის ბლოგზეც განათავსეს და თანატოლებს და თემის წევრებს მოუწოდეს მონაწილეობა მიეღოთ ინიციატივის განხორციელებაში.

 

მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირეს კუმისის სკოლის დირექტორმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და  თემის წევრებმა. მათ ერთობლივად უზრუნველყვეს ყველა საჭირო მასალა და აღჭურვილობა, ხოლო მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო სამუშაოებში თემის სხვა წევრებთან ერთად.

 

ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კუმისის საბავშვო ბაგა-ბაღს უკვე  მიეწოდება წყაროს წყალი. მოსაწესრიგებელია ბაღის  შიდა წყალგაყვანილობა, რომლის მოგვარებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ დახმარება აღუთქვა ბაღის თანამშრომლებს.

 

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ სტიმული მოგვცა და გვასწავლა, თუ როგორ გაგვეკეთებინა სოფლისათვის სასიკეთო საქმე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. მომავალში,  ამ ახალი გამოცდილებით, იმედი გვაქვს კიდევ უფრო დიდი პრობლემების მოგვარებაში დავეხმარებით კუმისს“ - განაცხადეს კლუბ ქველის წევრებმა გვანცა ოლქიაშვილმა და გიორგი სუხიაშვილმა.