31st Ja

გავაზის სამოქალაქო კლუბი საბავშვო ბაღს დახმარებას უწევს

გავაზის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები დახმარებას უწევენ ადგილობრივი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.  სამოქალაქო კლუბის წევრების დახმარება აღნიშნული ბაღის მიმართ ერთი წლის წინ დაიწყო. მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პრგრამის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე არსებული სათბური აღადგინეს და  მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეული საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადასცეს.

სწორედ მაშინ შეიტყვეს მოსწავლეებმა  ბაღის  ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობის შესახებ. ბაღის შენობაში არ იყო შეყვანილი გაზისა და სასმელი  წყლის სისტემები, რაც ხელს უშლიდა ბავშვებისთვის ნორმალური პირობების შექმნას. მოსწავლეებმა თავდაპირველად გაზისა და ნავთობის კომპანია „სოკარის“  ხელმძღვანელობას მიმართეს თხოვნით დახმარებისთვის.  კომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოყო თანხები საბავშვო ბაღში გაზის გაყვანისათვის. შემდეგ, მოსწავლეები გავაზის გამგებელს შეხვდნენ და სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრეს. შედეგად, სოფლის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო ბაღში სასმელი წყლის შეყვანის საკითხი.