7th Sep

ნინო ნიპარიშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულშია!

ნინო ამბობს, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობას”, რომლის დახმარებითაც შეძლო არაერთი იდეის რეალობად ქცევა: “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სწორედ პროგრამა "მომავლის თაობის" დახმარებით ჩამოვყალიბდი.”
უამრავ წარმატებით განხორციელებულ პროექტს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის გახსნა საკუთარ სკოლაში, რომელიც ყოფილი საბჭოთა მილიციის შენობაა. პედაგოგმა და მოსწავლეებმა, პროგრამის დახმარებით, შექმნეს სივრცე, რომელიც 170 რეპრესირებული კასპელის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

“პროგრამის მიერ გამოყოფილმა 500-დოლარიანმა მცირე გრანტმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა მოგვეწესრიგებინა 70 კვადრატული სივრცის პირველი საგამოფენო დარბაზი და მიგვეზიდა თანადამფინანსებლები. ეს იყო პროექტი, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობებით, სადაც მაშინდელი მეცხრე და მეათე კლასელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მეტიც, ეს მუზეუმია სივრცე, რომელიც სწორედ პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი ხელებით.” - ამბობს ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს “ბესიკ ნიპარიშვილი” მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.