5th Nov

ალექსანდრე ბუთხაშვილი, უტენბერგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრანტი

ალექსანდრე ბუთხაშვილი გუტენბერგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრანტია. თბილისის #173 საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პროფესიულ არჩევანში. 


„სამოქალაქო განათლების პროგრამაში აქტიური ჩართულობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა იურიდიულ სფეროში გაგრძელდებოდა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ პროფესიას ჯაჭვური კავშირი აქვს სამოქალაქო პროცესებთან, საზოგადოებრივ განწყობებთან და შესაბამისად, სამართლებრივ ცვლილელებთან.“ - ამბობს ალექსანდრე.


სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბში გაწევრიანება ალექსანდრემ მეცხრე კლასში გადაწყვიტა და თანატოლებთან ერთად არაერთი სამოქალაქო ინიციატივა განახორციელა: „პროექტის ფარგლებში, გარდა კომპეტენტური სტუმრების მიერ ჩატარებული ლექციებისა და ტრენინგებისა, საკითხის აქტუალობის წარმოსაჩენად ვატარებით საზოგადოებრივ გამოკითხვებს, მონაწილეობის ვიღებდით სატელევიზიო გადაცემებშიც. დაუვიწყარი იყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკებში გატარებული დრო, სადაც USAID-ისა და PH International-ის მხარდაჭერით უამრავი მოსწავლე მონაწილეობდა.“ - იხსენებს ალექსანდრე. 


სამოქალაქო განათლების პროგრამის აქტივობებში მონაწილეობა ალექსანდრესთვის არაერთი სხვა წარმატების საწინდარი გახდა. 2014 წელს იყო ქართული დელეგაციის წევრი სტრასბურგში და ევროპის საბჭოში ესწრებოდა ოფიციალურ შეხვედრებსა და ლექციებს ევროპულ დემოკრატიაზე. ამბობს, რომ ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდა, მეცხრე კლასში აქტიური მოქალაქის ცხოვრების წესი რომ არ აერჩია. შესაბამისად, მისთვის ძალიან ემოციური იყო სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე გამოსვლა, რადგან საშუალება მიეცა მადლლიერება გამოეხატა პროგრამის ორგანიზატორებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების მიმართ, ხოლო ახალი თაობისთვის ეთქვა, რომ წინ ძალიან საინტერესო წლები ელოდებათ.