15th Fe

მოსწავლეების დახმარებით სოფელ აჭვისთავში ეკოლოგიური პრობლემა მოგვარდა, მდინარე აჭყვის ტერიტორია დასუფთავდა და ნაგვის ურნები დაიდგა.

,,ჩვენ სოფელში არ იყო ნაგვის ურნები და სამწუხაროდ მოსახლეობას გვიწევდა ნაგავი მდინარეში გადაგვეყარა, რაც ძალიან გვაწუხებდა.  თუმცა, პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობდა.  სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით,  როდესაც სოფელში ნაგვის ურნები დავინახეთ. სოფელი დღეს უკვე სუფთა და მოწესრიგებულია. მადლიერი ვართ ამ ბავშვების და გვიხარია,  რომ ასე ზრუნავენ  თემის კეთილდღეობაზე’’  -   ამირან ხახუტაიშვილი, ადგილობრივი თემის წარმომადგენელი

 

მდინარე აჭყვის მუდმივი დაბინძურება წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ადგილობრივი მოსახელობა წუხდა,  სოფელში ნაგვის ურნების არ არსებობის გამო ეს პრობლემა გადაუჭრელი იყო. წინა აკადემიურ წელს,  მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში, სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნეს და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით  სოფელში სუფთა ეკოლოგიური გარემო შექმნეს.

 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ითანამშრომლეს შპს სან. დასუფთავების სამსახურთან. შედეგად მიიღეს 3 სანაგვე ურნა და შეთანხმება ნაგვის რეგულარული გატანის შესახებ. მათ  დაასუფთავეს მდინარისპირა დაბინძურებული ტერიტორია, დანაგვიანებულ უბნებზე განათავსეს გამაფრთხილებელი ბანერები და თემში გარემოს დაცვითი საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.

 

მოსწავლეები სოფელში სუფთა ეკოლოგიურ მდგომარეობას დღემდე წარმატებით ინარჩუნებენ.  მათ მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების საშუალებით  პერიოდულად აკონტროლებენ მდინარის ტერიტორიას და თემის მოსახლეობას სუფთა გარემოს შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.