სამოქალაქო კლუბების საქმიანობის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლში

2012 წლის 29 თებერვალს  ქ. რუსთავის მე-10 სკოლაში გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების   და PH-International-ის წარმომადგენლები.
 
შემაჯამებელ შეხვედრაზე პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლში  „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ“, წარმოადგინა რეგიონში პროგრამის მიმდინარეობის სტატისტიკა. ქვემო ქართლის ექვსი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები, სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის წარდგენილი ინიციატივები და შედეგად  შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ახალი ინიციატივებიც, რომელთა ნაწილის მოგვარება შეხვედრაზევე   ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ქ-მა ნინო  ბასილაშვილმა აღუთქვა.
 
შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოცხადდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში „აქტიური პედაგოგი - 2011“, „აქტიური სამოქალაქო კლუბი - 2011“, „აქტიური ბლოგერი - 2011“, „ხელისუფლებასთან თანამშრომელი - 2011“, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
 
შეხვედრის დასასრულს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ დირექტორმა, ქ-მა მარინა უშვერიძემ მიმართა დამსწრე საზოგადოებას: „ჩვენი პროგრამის მთავარ წარმატებად ითვლება ის, როდესაც ბავშვები თავად გამოავლენენ პრობლემებს სკოლაში, თემში, ქალაქში თუ დაბაში,  ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, მასთან ერთად განიხილავენ  და იმსჯელებენ,  თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მხარეებს“.  
 
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“