იმიტირებული სასამართლო პროცესი გორის საჯარო სკოლაში

2011 წლის 24 დეკემბერს გორის მე-2 საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში  სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის  ხელშეწყობით,  იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყვეს, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას,  სამართალმცოდნეობის, კონსტიტუციური და ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. სასამართლო პროცესში მონაწილეობდა 20 მოსწავლე.
 
სასამართლო პროცესის მომზადების დროს მონაწილეები გაიყვნენ დამცველებად და ბრალმდებლებად.  სამოქალაქო კლუბის წევრები პედაგოგთან ერთად იხილავდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულს და მსჯელობდნენ მის გამამართლებელ ან გამამტყუნებელ არგუმენტებზე.  მოსწავლეები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენლებთანაც თანამშრომლობდნენ და  მათგან კონსულტაციებს იღებდნენ. 
 
იმიტირებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, გორის რესურს ცენტრის და სასამართლოს წარმომადგენლები,  მე– 2 საჯარო სკოლის დირექტორი და  პედაგოგები.
 
დასასრულს მონაწილეებმა   სურვილი გამოთქვეს იმიტირებული სასამართლო პროცესი ამჯერად უკვე გორის სასამართლოს შენობაში გამართონ. გორის სასამართლოს წარმომადგენლებმა  მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, რადგან  მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ სასამართლოს ჩატარების პროცესს და სასამართლოს სტრუქტურას. 
 
საზოგადოება „ბილიკი“