გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის სამოქალაქო კლუბების ღონისძიებები

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის ფარგლებში გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის სამოქალაქო კლუბების წევრებმა დეკემბრის თვეში სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელეს.

ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლაში სტუმრად  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბატონი შალვა გაბრიჩიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბატონი თამაზ სალუქვაძე მოიწვიეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა სკოლის წინ, საავტომობილო გზის გასწვრივ,  გამაფრთხილებელი ნიშნის ”ფრთხილად ბავშვები” საჭიროების შესახებ ისაუბრეს. ყველასთვის ნათელია, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თემის წევრებს.

მოსწავლეთა ინიციატივის შედეგად ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ვადაში #4 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი განათავსა. 

ჩაისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ეწვივნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ქალბატონ ლელა იმედაშვილს, ისაუბრეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათ შორის  სკოლის ვებ–გვერდის შექმნის   საჭიროებაზე, სადაც მოსწავლეები განათავსებენ ინფორმაციას კლუბის საქმიანობისა და ღონისძიებების  შესახებ. მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭირა მოსწავლეების ინიციატივას, გამოყო დაფინანსება და სკოლამ დაიწყო ვებ–გვერდის შექმნის  სამუშაოები. 

ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით   მოეწყო შეხვედრა  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან, სადაც   სკოლის მიმდებარე ტერიტორიზე არსებული სანიაღვრე არხების გაწმენდის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, სამოქალაქო კლუბის წევრები და უბნის მოსახლეობა.  კლუბის წევრებმა ამ საკითხის მოგვარების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს ჯერ  წერილობით, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე,  სადაც ბიუჯეტის საჯარო განხილვა მიმდინარეობდა.  შედეგად, 2012 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  ჩაიდო აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის საჭირო თანხები. 

გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი