ბათუმის სამოქალაქო კლუბმა ვიდეო რგოლი გადაიღო

 აჭარის რეგიონში, ბათუმის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „სანგვინიკმა“, ნოემბრის თვეში  დაგეგმილი სამოქალაქო განათლების თემატიკაზე მომზადებული ფოტო და ვიდეო ნამუშევრების გამოფენისთვის გადაწყვიტა მოემზადებინა ვიდეო რგოლი ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ პრობლემებზე.  კლუბ „სანგვინიკის“ წევრების მიზანი გახლდათ თანატოლებისთვის და ამ საკითხზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, ეჩვენებინათ ის პრობლემები რაც „ქუჩის ბავშვებს“ გააჩნიათ. ვიდეო რგოლზე მუშაობდნენ სკოლის სამოქალაქო კლუბის 38 წევრი, 1 სამოქალაქო განათლების პედაგოგი და 3 მშობელი. 
 ვიდეო რგოლზე მუშაობის დროს კლუბის წევრებს მოუწიათ არაერთ „ქუჩის ბავშვთან“ შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. აღნიშნული პრობლემა ახალი არ არის ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ კლუბის წევრების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი იყო თანატოლების თვალით დანახული პრობლემა და საჭიროებები. 
 ვიდეო რგოლზე მუშაობის დროს სამოქალაქო კლუბ „სანგვინიკის“ წევრებმა ინტერვიუ ჩაწერეს ერთ–ერთ „ქუჩის ბავშვთან“ პირობითი სახელით დავითი. ბენეფიციარმა თანატოლებს გაუმხილა, რომ მას მათხოვრობას მამა აიძულებდა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არა ერთხელ გამხდარა. დავითმა სინანულით მოუთხრო ბავშვებს, რომ ადრე ის სკოლაშიც დადიოდა და დღესაც აქვს ამის დიდი სურვილი,  მაგრამ მამის დაჟინებული მოთხოვნით და ფიზიკური ძალადობის გამო  იძულებულია მთელი დღე ბათუმის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მათხოვრობაში გაატაროს. 
    აღნიშნული ისტორიის მოსმენის შემდეგ, კლუბ “სანგვინიკის“ წევრებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ია კობალაძემ, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დახმარებით მოამზადეს წერილი სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის სახელზე. ფილმი ნაჩვენები იქნა  სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელისა და სოციალური მუშაკებისთვის, რის შემდეგაც სოციალურმა მუშაკებმა ინტენსიური მუშაობა დაიწყეს დავითთან და მისი ოჯახის წევრებთან. 
     სამოქალაქო კლუბ „სანგვინიკის“ მიერ გამოვლენილი პრობლემა და წამოწყებული ინიციატივა სამომავლოდ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დახმარებით  დავითის სკოლაში დაბრუნებით და ასევე სხვა ბენეფიციარების გამოვლენის კუთხით გაგრძელდება.