ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა ცაგერში

ცაგერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით  ჩატარდა აქცია, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოსახლეობაში. კლუბის წევრებმა დაამზადეს თემატური ბუკლეტები და დაარიგეს ცაგერის მუნიციპალიტეტის  სკოლებში, ორგანიზაციებსა და მოსახლეობაში.
 
ინიციატივის ფარგლებში სასკოლო სამოქალაქო კლუბებს შორის გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, ფრენბურთსა და ველორბოლაში. ინიციატივამ დიდი დაინტერესება გამოიწვია არამარტო ახალგაზრდებში, არამედ თემის წარმომადგენლებშიც. სპორტულ ღონისძიებებში ცაგერი # 1 საჯარო სკოლასთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ბარდნალის, ოყურეშის, ქვედა ცაგერის, წმინდა ილია მართლის სახელობის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სულ 95-მა მოსწავლემ. 
 
მოსწავლეთა ინიციატივას მხარიდაუჭირა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და  ღონისძიება დააფინანსა 300 ლარით. ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება  ოყურეშის თემის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა უზრუნველყო.