მცხეთა - მთიანეთში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

2013 წლის 14 ივნისს მცხეთის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების 2012-2013 აკადემიური წლის შემაჯამებელი კონფერენცია. 
 
ღონისძიება ორგანიზებული იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში  პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის მიერ. შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონში  პროგრამის პარტნიორი 27 საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების ლიდერი მოსწავლეები, მშობლები,  სამოქალაქო განათლებისა და  პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  კოორდინატორი ინგა ქიბროწაშვილი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  მედიის წარმომადგენლები.
 
მიმდინარე სასწავლო წელს გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პროგრამის ხელმძღვანელმა, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ მაისურაძემ. 
 
პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს მუხრანის #1, გალავნის, პავლეურის, მაღაროსკარის, სტეფანწმინდის, თიანეთისა და ახალსოფლის სკოლების სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა. მათ ახლახანს დაასრულეს მცირე გრანტის 7 პროექტის განხორციელება, რითაც წვლილი შეიტანეს სასკოლო და სათემო პრობლემების მოგვარებაში. 
 
საკლუბო აქტივობებზე, ინიციატივებზე  პრეზენტაცია  წარმოადგინეს მცხეთის #2, ქსნის, ძალისის, ბარისახოს, ძეგვისა და  მჭადიჯვრის სკოლების მოსწავლეებმა.  პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრეს მცხეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ბოხუამ, რეგიონში პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ნინო დოლიშვილმა.
 
რეგიონში პროგრამის საქმიანობა დადებითად შეაფასა  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  კოორდინატორმა ინგა ქიბროწაშვილმა და   სერტიფიკატები გადასცა ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ კლუბებს. 
 
დასასრულ, რეგიონულმა ორგანიზაციამ პროგრამაში აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვა კლუბები, მეურვე პედაგოგები და მხარდამჭერები.
 
კონფერენციაზე შეჯამდა რეგიონალური შემოქმედებითი კონკურსი მთის სოფლებიდან მიგრაციის თემაზე, დაჯილდოვდნენ მონაწილეები და გამარჯვებულები. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს საჩუქრად საკონკურსო ნამუშევრების კრებული ,,მიტოვებული სოფლების სევდა“ და საინფორმაციო ბიულეტენი ,,ჩვენი მაცნეს“ ახალი ნომერი.
  
_ ამ პროგრამამ შეცვალა ჩვენი ბავშვების დამოკიდებულებები სათემო საქმეებისადმი, ისინი თვითონ ხდებიან სასიკეთო საქმეების ინიციატორები, ადვოკატირებას უწევენ პრობლემებს და უმრავლეს შემთხვევაში, მხარდაჭერილნი არიან გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მხრიდან. სოფელს დაეტყო კლუბის ხელი და შეიცვალა ზრდასრული თანასოფლელების დამოკიდებულება საზოგადო საქმისადმი. ეს წელიწადი კლუბისათვის გამორჩეული იყო აქტივობით და მადლობა ყველას, რომ ჩვენს საქმიანობას ასეთი შეფასება მიეცა: ტექნიკის კომპლექტი კლუბ ,,სხივს“ ახალ პერსპექტივას უქმნის, დიდი მადლობა! _ ემოციური იყო  ციალა ყარმაზანაშვილის _ მჭადიჯვრის კლუბის მეურვისა და  ამაგდარი პედაგოგის გამოსვლა.
                   
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი