აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში

2013 წლის 12 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება. 
 
პროგრამის საქმიანობაზე და მის  შედეგებზე ისაუბრა აჭარის რეგიონის პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქათამაძემ. 
 
პროგრამის მომდინარეობასა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მანანა ყუბანეიშვილმა. 
 
მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ლადო მგალობლიშვილი. ბ-ნმა ლადომ აღნიშნა, რომ ის მიესალმება ახალგაზრდების ინციატივებს და  სამინისტრო მხარს დაუჭერს მათი იდეების განხორციელებას, უფრო მეტიც, სამოქალაქო კლუბებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ პროექტები სამინისტროს  ახალგაზრდულ დეპარტამენტში და მოიპოვონ მცირე გრანტები მათ განსახორციელებლად.
მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს პროგრამის ყველა კომპონენტზე.
 
მოწვეულ სტუმრებს აჭარის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი, საუკეთესო კლუბის მეურვე და წარმატებული პედაგოგის ტიტულის მფლობელი პედაგოგები წარუდგინეს.
 
 
ღონისძიებაზე დასახელდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სამოქალაქო კლუბები და მათ გადაეცათ სერტიფიკატები.
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა, ნინო თავლაშვილმა სტაჟირების მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქარი - წიგნები, გადასცა.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პროგრამის მხარდამჭერი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე პედაგოგები და მოსწავლეები. 
 
შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იყო მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეო რგოლები. 
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების წარმომადგენლები, აჭარის რეგიონის პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.
 
ღონისძიება გააშუქა ტელეკომპანიებმა: "აჭარა" და  "TV25".