აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება შიდა ქართლში

2013 წლის 7 ივნისს გორის #2 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 
პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე და მის  შედეგებზე ისაუბრა შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის, საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელმა, მარიკა მღებრიშვილმა. 
პროგრამის მიმდინარეობასა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მანანა ყუბანეიშვილმა. 
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ლელა წურწუმიამ საზოგადოებას შიდა ქართლის რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგის, საუკეთესო კლუბის მეურვის და წარმატებული პედაგოგის ტიტულის მფლობელი სამოქალაქო განათლების პედაგოგები წარუდგინა. ასევე ისაუბრა ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციაზე  „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“, მის მიზნებსა და ამოცანებზე.
ღონისძიებაზე დასახელდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. მცირე გრანტების შედეგებზე ისაუბრეს გორის #7,11, ხაშურის #7 და 8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა,  გორის #2 და რუისის #2 სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის ფარგლებში განხორციელებული  საქმიანობა და საკლუბო ინიციატივები წარმოადგინეს, ხოლო სურამის #1 სკოლის და გორის #3 და 12 საჯარო სკოლის კლუბის ლიდერებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და წარმატებულ საკლუბო ინიციატივებზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პროგრამის მხარდამჭერი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შიდა ქართლის პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია  (სულ 104 ადამიანი).