ნორჩ გამომგონებელთა კლუბი ოზურგეთში

2013 წლის 28 მაისს ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის სახელოსნოში პროექტის ,,ნორჩ გამომგონებელთა კლუბი“ დასკვნითი ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს პროექტის მიზანი, განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობები. მოსწავლეებმა მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სხვადასხვა დანადგარზე მუშაობის თავისებურებები. ღონისძიების დასასრულს სიგელებით დაჯილდოვდნენ სახელოსნოს მუშაობაში ყველაზე აქტიურად ჩართული მოსწავლეები.
რომა კალანდაძე, სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლე: ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. სახელოსნოში მოსწავლეები სწავლობენ ისეთ საქმეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ. ამასთან, თავისუფალ დროს ფუჭად არ კარგავენ და სასიკეთო საქმით არიან დაკავებულები. მე აქტიურად ვმუშაობდი პროექტში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართვაზე, პირადად შევხვდი ოზურგეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებს და გავაცანი მათ სახელოსნოს მუშაობის სპეციფიკა.
მარიამ არეშიძე, პროექტის კოორდინატორი პედაგოგი: ჩვენს ქალაქში ასეთი ტიპის სახელოსნო არ არსებობს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება და პოპულარიზაცია. აქ ბავშვები იძენენ სასარგებლო და საჭირო უნარ-ჩვევებს. შესაძლებელია ზოგიერთი მათგანისთვის მომავალში ეს პროფესიაც კი გახდეს.
პროექტის მიზანი სკოლაში არსებული სახელოსნოს პოპულარიზაცია, გაძლიერება, საჭირო მასალებით უზრუნველყოფა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სახელოსნოს მუშაობაში ჩართვა იყო. მიზნის მისაღწევად სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა მოამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები, ჰქონდათ გასვლითი შეხვედრები საჯარო სკოლებისა და სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან სახელოსნოს პოპულარიზაციის მიზნით, სახელოსნოში მოიწვიეს ფერმწერი და მოსწავლეებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი. მცირე გრანტის თანხა სახელოსნოს საჭირო ინვენტარითა და მასალით აღჭურვას მოხმარდა. პროექტის ფარგლებში კლუბმა ითანამშრომლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან. გამგებელი სახელოსნოს ხის მასალით დახმარებას შეპირდა.