შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში

2013 წლის 6 ივნისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სამოქალქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონის ახალგაზრდული ფორუმის საპროექტო იდეების წარდგენა  და რეკომენდაციების მიღება.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი და ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი, მაია ქათამაძე.

შეხვედრაზე, ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს 10 საპროექტო წინადადება, ისაუბრეს მათი  განხორციელების გზებზე. მათ  სამინისტროს მხარდაჭერის და რეკომენდაციების მისაღებად წერილობით მიმართეს. 

შეხვედრაზე, განათლების მინისტრის  მოადგილემ, ქეთევან მანელიშვილმა   შეაფასა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები და აღნიშნა, რომ თითოეული პროექტი რეგიონში არსებულ  პრობლემებს  ეხება და ამიტომ,  სამინისტრო მათი კომპეტენციის ფარგლებში, სრულ მხარდაჭერას გაუწევს ახალგაზრდებს.  მან ასევე დაამატა, რომ მოსწავლეების წერილობითი თხოვნა მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც გააკონტროლებს რეგიონში მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის  კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებს,  აუცილებლად უახლოეს მომავალში განიხილება და დაკმაყოფილდება სამინისტროს მხრიდან.

შეხვედრის ბოლოს, განათლების მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობის სერტიფიკატები და წარმატებები უსურვეს. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული ფორუმის 50-მა  მონაწილემ.

შეხვედრა გაშუქდა ტელეკომპანია „აჭარის“ და გაზეთი ”აჭარის” მიერ.