მუხრანის სამოქალაქო კლუბმა ,,ბურმა“ პროექტი წარმატებით დაასრულა

2013 წლის  7 ივნისს, მუხრანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,ბურმა“, სკოლის სააქტო დარბაზში მცირე გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა.  პრეზენტაციას 70-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა:  მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, სტუმრები - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსი არაბული და ჟურნალისტი და ეკოლოგი გვანჯი მანია. 
პრეზენტაციას უძღვებოდა კლუბ ,,ბურის’ ლიდერი პაატა გურგენიშვილი. კლუბის წევრებმა  სათემო პრობლემების მოგვარების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, სოფელში სასმელი წყლის ხარისხის  გამოკვლევა და მოსახლეობის ინფორმირება დაისახა მიზნად. 
პროექტის ფარგლებში ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 3-ჯერ ჩატარდა სოფლის სასმელი წყლის (ჭების, წყაროს წყლის, ბურღის წყლის) სინჯების ანალიზი. ასეთი კვლევა 15 წელიწადია თემში არ ჩატარებულა.
სოფელში მოეწყო  ეკოკვირეული და პროექტის მონაწილეებმა მეცნიერებისგან მიღებული სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია თემის წევრებს გააცნეს. ამ თემაზე მომზადდა კედლის გაზეთი და სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა. კონფერენცია თემაზე ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას“, მეტად საინტერესოდ წარიმართა. მეცნიერმა მარინა ნიკოლაიშვილმა ჩაატარა ლექცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, რასაც ბავშვების დიდი დაინტერესება და დისკუსია მოჰყვა.  პროექტის მიმდინარეობა სისტემატურად აისახებოდა სოციალურ ქსელში, რომელსაც კლუბის წევრები მეტად ეფექტურად იყენებენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მანძილზე გაწეული საქმიანობის ამსახველი მასალა, რამაც დამსწრეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. მოწვეულმა სტუმრებმა საინტერესო საუბარი ჩაუტარეს შეხვედრის მონაწილეებს ეკოლოგიის საკითხებზე და მოუწონეს მოსწავლეებს ასეთი აქტივობა.
- მინდა მადლობა ვუთხრა ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას“ ასეთი შესაძლებლობისათვის,  ნამდვილად საჭირო პროექტი იყო. წინასწარი მონაცემებით, ჩვენი წყალი ეკოლოგიურად სუფთა და მეტად სასარგებლო მინარევების შემცველი აღმოჩნდა. ველოდებით საბოლოო დასკვნას, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასაც გავაცნობთ, ჩვენს პროექტს მათი მხარდაჭერაც ჰქონდა. მადლობა ყველას და განსაკუთრებით, კლუბის წევრებს, რომლებმაც აქტიურად გაართვეს თავი პროექტის მიზნებს-აღნიშნა კლუბის მეურვე პედაგოგმა ნინო დოლიშვილმა.