ქუთაისის სამოქალაქო კლუბების ადვოკატირების კამპანია

ქუთაისის სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით, დაიგეგმა ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ახლახან აღდგენილი ქუთაისის ცენტრალური უბნების, დავით აღმაშენებლის გამზირის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის გაფრთხილებასა და შენარჩუნებას გაუწევდა პროპაგანდას. კერძოდ, ხდებოდა ველოტრასის არამიზნობრივი გამოყენება, გაზონებისა და ნარგავების დაზიანება, მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება.
 
სამოქალაქო კლუბის წევრებმა წერილით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ხვადაგიანს, სადაც ეწერა ,,ჩვენ გვსურს, თქვენი დახმარებით,  მოხდეს მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლება.  სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებების გარდა, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, გთხოვთ,  საკრებულომ დააწესოს  სპეციალური სანქციები, რომელიც დაეკისრება იმ ადამიანებს, ვინც ანაგვიანებს და ზიანს აყენებს აღმაშენებლის  გამზირის მიმდებარე ტერიტორიას’’. 
 
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით, მოეწყო შეხვედრა სამოქალაქო კლუბებსა და ადგილობრივი მთავრობის წევრებს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი, ქალაქის ვიცე მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კახაბერ ნემსიწვერიძე,  ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსი ფრიდონ ბეშკენაძე. შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბის წევრებმა ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე.
 
2011 წლის 22 ოქტომბერს, სამოქალაქო კლუბის წევრებმა აღმაშენებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნინოშვილის სახელობის ბაღის დასუფთავების აქცია მოაწყვეს. დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი სამოქალაქო კლუბის წევრებს ქალაქის მერიამ გამოუყო. აქციის შემდეგ მოსწავლეებმა მოსახლეობაში სპეციალურად მომზადებული  ფლაიერები დაარიგეს.  
2011 წლის 23 ოქტომბერს კი სამოქალაქო კლუბის წევრები შეურთდნენ გამწვანების აქციას ,,დარგე ხე! გახდი გმირი! და გადაარჩინე დედამიწა!” აქცია ორგანიზებული იყო  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მხარდაჭერით. აქციაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ბ-ნი გოგა ხაჩიძე.
აქციის მონაწილეებმა 100 ძირი კიპარისის ხე დარგეს ავანგარდის ტერიტორიაზე და ამით საკუთარი წვლილი შეიტანეს ქალაქის გამწვანების საქმეში.