დასუფთავების აქცია გურიაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის 33 პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების ძალისხმევით,  გურიის რეგიონში მოეწყო ფართომასშტაბიანი  დასუფთავების აქცია "გურია პოლიეთილენის გარეშე". აქციაში ჩაერთო 1000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი.

აქციის ფარგლებში ჩატარდა ცნობიერების ამაღლების კამპანია - მოსწავლეებმა ქალაქების ცენტრებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები და მოსახლეობას მოუწოდეს დიცვან გარემო დაბინძურებისაგან. პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლების მიზნით მოსწავლეებმა დაარიგეს   ნაჭრის ჩანთები.

სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებმა დასუფთავების აქციები ჩაატარეს თავიანთ თემში, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, სკვერები, მდინარის ხეობები და გზის რამდენიმე კილომეტრიანი ზოლი. ამის შემდეგ შეუერთდნენ ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში მიმდინარე აქციებს.

აქციაში ჩაერთვნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის დასუფთავების სამსახურები, რომლებმაც უზრუნველყვეს აქციის შედეგად შეგროვილი ნაგვის გატანა.