ვიქტორინა -„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“

2013 წლის 3 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „რელიგიები და ეთნოსები   საქართველოში“. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონების პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა.

ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული ენციკლოპედიების – ,,რელიგიები საქართველოში“ და ,,ეთნოსები საქართველოში“ – პოპულარიზაცია. ვიქტორინაში მონაწილოების მისაღებად მოსწავლეებს  ეს ენციკლოპედიები უნდა შეესწავლათ. 

ვიქტორინაში მონაწილეობდა თბილისის #123, 166, 71, მცხეთი #2, მუხრანის #1, გარდაბანის #1, მარნეულის #5, რუსთავის #15, გორის #3 და კარალეთის #1 საჯარო სკოლების ექვს წევრიანი გუნდი. ვიქტორინის დაწყებამდე მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ვიქტორინაში, რომელიც ახალგაზრდებისათვის საქართველოში არსებული რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების გაცნობას ისახავს მიზნად, არ შეიძლება არსებობდეს წაგებული ან მოგებული გუნდი, რადგან თავისთავად ის, რომ მოსწავლეები ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო პუბლიკაციებს გაეცნენ, უკვე დიდი მიღწევაა. სახალხო დამცველმა ახალგაზრდებს უთხრა, რომ ცოდნა, რომელსაც ისინი ამ მიმართულებით დააგროვებენ, მომავალში დემოკრატიული ქვეყანის შენებასა და განვითარებაში დაეხმარებათ.

სამრაუნდიანი, დაძაბული ასპარეზობის შედეგად, გამარჯვება წილად  ხვდა მარნეულის #5 საჯარო სკოლის გუნდს.  გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და სიგელებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი. 

ვიქტორინის საპატიო ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი,  ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი კობა ჩოფლიანი და PH International–ის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე.

ვიქტორინის დასრულების შემდეგ მონაწილეებისათვის მოეწყო ექსკურსია. მოსწავლეებმა და მათმა მხარდამჭერებმა  მოინახულეს გრიგორიანული ეკლესი, მეჩეთი და სინაგოგა.  თოთოეულ სალოცავში მოსწავლეებს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა უმასპინძლეს და საქართველოში მათი არსებობის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ესაუბრნენ.