შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

2013 წლის 31 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „არაძალადობრივი თანაარსებობა და კონფლიქტების მართვის სწავლება სკოლებში - რეალობა და გამოწვევები“.  შეხვ ედრაში მონაწილეობა მიიიღეს ახლადდაფუძნებული „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ წევრმა მასწავლებლებმა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და შეიდა ქართლიდან. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის და აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს საჯარო სკოლებში არაძალადობრივი თანაარსებობის და კონფლიქტების მართვის სწავლების მნიშვნელობას, ამ საკითხში სახელმწიფოს ხედვას და  სკოლებში დღეს არსებული მდგომარეობის შეფასებასა და გამოწვევების გაანალიზებას  მიეძღვნა. 

სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვასა და დამოკიდებულებაზე საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ  განსაკუთრებით გამოკვეთა პრაქტიკოსი პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობა და როლი სკოლებში არაძალადობრივი თანაარსებობის და კონფლიქტების მართვის სწავლების საქმეში. მისი თქმით, სწორედ პედაგოგების ძალისხმევით, ცოდნით და აქტიურობით არის შესაძლებელი არსებულ პრობლემასთან უშუალოდ შეჭიდება და ახალგაზრდებში იმ უნარების გამომუშავება, რომელიც მათ კონფლიქტების მიმართ საღი მიდგომის გამომუშავებასა და მათ მართვაში დაეხმარება. 

ბატონმა ალუდა გოგლიჩიძემ შეხვედრის მსვლელობისას პედაგოგებისთვის ჩაატარა მასტერკლასი კონფლიქტების მართვის თემაზე. საინტერესო სავარჯიშოების სახით მან პრობლემის ირგვლივ ბევრი დამაფიქრებელი და საგულისხმო  აქცენტი წამოჭრა, რომელთა შესახებ შემდეგ მსჯელობა და დისკუსია  გაიმართა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიონალიზმის ამაღლების საქმეში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. მან ასევე წარმოადგინა ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ დამფუძნებლები და აუდიტორიას ფორუმის სამომავლო გეგმები გააცნო.