კონფერენცია - „დემოკრატიის პირველი სხივი საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე“

2013 წლის 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,  ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა  კონფერენცია  თემაზე: „დემოკრატიის პირველი სხივი საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო  15 ნაშრომი, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მნიშვნელობას.
კონფერენციიის ჩატარების იდეა ახალგაზრდულ ფორუმზე  ინიცირებული იყო ახალციხის  საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის და მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის მიზნით.
„ძალიან მომეწონა კონფერენციაზე მონაწილე სომხური სექტორის საჯარო სკოლის მოსწავლეების დემოკრატიის საკითხებზე მომზადებული პრეზენტაციები. ასევე,  საინტერესო იყო ისიც, რომ წარმოდგენილი პრეზენტაციების თემები არ იყო იდენტური და მაღალი იყო მონაწილეების ჩართულობა,“ - სთქვა მარიამ წიქარიშვილმა,  კლდის საჯარო სკოლის მოსწავლემ. 
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ ახალციხის  პარტნიორი სკოლების ის მოსწავლეები, რომლებსაც მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდათ. კონფერენციაში მონაწილეობით მათ შეიძინეს ახალი უნარჩვევები და აიმაღლეს მოტივაცია. 
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა სერტიფიკატები გადასცა. 
კონფერენცია გაშუქდა ადგილობრივი ტელე-რადიო კომპანია „მე-9 არხის“ მიერ.