„წიგნს არ გაემიჯნოთ“ - შეხვედრა საინტერესო ადამიანთან

2013 წლის 21 მაისს საზოგადოება „ბილიკის“ ოფისში  მწერალ ბ-ნ ვანო ჩხიკვაძესთან სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა გაიმართა.
 „არ მინდა ვთქვა რომ გაკვირვებული ვარ - იმიტომ, რომ საქართველოს ნიჭიერების პრობლემა არა აქვს, მე მინდა მადლობა გითხრათ, იმისათვის, რომ ასეთი მოწესრიგებულები და მიზანდასახულები ხართ, იცით რა გინდათ სამომავლოდ. აღფრთოვანებული ვარ თქვენი კითხვებით, თქვენი პასუხებით, თქვენი აზროვნებით. ძალიან სასიამოვნოა თქვენი ასეთი დამოკიდებულება წიგნის მიმართ. მინდა გირჩიოთ, რომ ასე განაგრძოთ, მუდმივად იფიქრეთ იმაზე , თუ რა შემატოთ თქვენს ცოდნას, თქვენს განვითარებას, წიგნს არასოდეს არ უნდა გაემიჯნოთ. თითოეული თქვენგანი სახელმწიფოს შენაძენია, თქვენ ხვალ სახელმწიფოს შენებაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ღმერთმა ქნას, რომ ბევრი იყოს თქვენნაირი, რადგან ამაშია ჩვენი ხსნა. მოხარული ვარ, რომ ზღვა ლიტერატურას შორის, ჩემი წიგნისთვისაც მოიცალეთ და ჩემმა სიტყვებმა თქვენს ცნობიერებაში მცირედი პოზიტივი მაინც შეიტანა“, - ასე დაემშვიდობა ბ-ნი ვანო შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს.
 მანამდე კი უამრავი ლიტერატურული ჯილდოს და სახელმწიფო პრემიის მფლობელი მოზარდების კითხვებს პასუხობდა - რომელი ავტორია მისთვის გამორჩეული, რომელ ნაწარმოებს მიიჩნევს საკუთარი შემოქმედებიდან საუკეთესოდ, რას ფიქრობს თანამედროვე მწერლობაზე, ახალგაზრდა შემოქმედებზე, რამდენად რთულია მწერლის ცხოვრება და ა.შ.
 მოსწავლეებმა ავტორთან ერთად განიხილეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების თემაზე შექმნილი რომანი „შუშების ომი“, ისაუბრეს მის პერსონაჟებზე, პარალელები გაავლეს რეალობასთან, ისაუბრეს იმ ემოციებზე, რაც ნაწარმოების შექმნას და წაკითხვას ახლდა თან. ისაუბრეს ბატონი ვანოს სხვა ნაწარმოებებზეც, წაიკითხეს მისი ლექსები, მოისმინეს რჩევები სტუმრებისგან. ვანო ჩხიკვაძესთან ერთად „ბილიკს“ მისი მეუღლე ქალბატონი ლია და მეგობარი - გორის დარბაზის სპიკერი თამაზ მაყაშვილი სტუმრობდნენ. 
 „ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში, ძალიან გვიხარია, რომ საშუალება მოგვეცა ბატონ ვანოსთან შეხვედრის,  მოსმენისა და  აზრების გაზიარების“, - ემოციებს ვერ მალავდნენ შეხვედრის მონაწილე მოზარდები. 
 ღონისძიებამ მართლაც საინტერესოდ ჩაიარა. საზოგადოება „ბილიკი“ კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ ვანო ჩხიკვაძეს სახელმწიფო პრემიას და მადლობას უხდის მკითხველთან მეგობრობისთვის.