კასპის საინიციატივო ჯგუფმა პროექტის „ჩვენი ოაზისის“ განხორციელება დაიწყო

2013 წლის 16 მაისს კასპის  სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა ახალგაზრდულ  ფორუმზე  მომზადებული საპროექტო იდეა განსახილველად  კასპის მუნიციპალიტეტში წარადგინეს.  პროექტი „ჩვენი ოაზისი“    საზღვრისპირა სოფელ ლამისყანაში სკვერის მოწყობას ისახავს მიზნად, მოსწავლეებმა განიხილეს პროექტით დაგეგმილი აქტივობები და მათი განხორციელების გზები. 
 შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დალი დათაშვილი, გამგეობის მთავარი სპეციალისტები და  სხვადასხვა სახელმწიფო  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ   მოიწონეს მოსწავლეების ინიციატივა, ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მხარდაჭერა აღუთქვეს მოსწავლეებს. 
ამ ეტაპზე კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, სოფელ ლამისყანაში, ინჟინერ-არქიტექტორების და   შ.პ.ს. „კასპი პროექტის“ დიზაინერის მიერ  შეირჩა შესაძლო ადგილი, სადაც სკვერის მოწყობაა შესაძლებელი. მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად მომზადდა  პროექტის ბიუჯეტი, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა, მუშაობა მიმდინარეობს სკვერის დიზაინზე, ხოლო სანერგე მეურნეობიდან  უსასყიდლოდ გამოიყოფა ნერგები გამწვანებისათვის.