ერთად შევქმნათ უსაფრთხო გარემო

2013 წლის 14 მაისს ოზურგეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა ახალგაზრდულ  ფორუმზე  მომზადებული საპროექტო წინადადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს განსახილველად. პროექტის ძირითადი მიზანი არის ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა - შუქნიშნების, მარეგულირებელი ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა. მოსწავლეებმა პრიორიტეტულად დაასახელეს  გზაჯვარედინი, სადაც მდებარეობს ოზურგეთის  #2 საჯარო სკოლა, აქვეა საბავშვო ბაღი და მუსიკალური სასწავლებელი. ოზურგეთის #2 საჯარო  სკოლაში 867 მოსწავლე და 120 პედაგოგია. აქტიური და მოუწესრიგებელი სამანქანო მოძრაობის პირობებში ფეხით მოსიარულეები, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი მოსწავლეები დაუცველნი არიან.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსწავლეები შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, გამგეობის ფინანსური განყოფილებისა და  ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს და არქიტექტორებს. მათ მოსწავლეების ინიციატივა საფუძვლიანად მიიჩნიეს და პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს. ყველაზე ეფექტურად,  გზებზე მოძრაობის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა და მარეგულირებელი ნიშნების დადგმა დასახელდა. 

ამ ეტაპზე გამგეობის წარმომადგენლები ამზადებენ ფინანსურ პროექტს. შემდეგ მოეწყობა ერთობლივი შეხვედრა, სადაც მოხდება ინიციატივის განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობის დაგეგმვა  და ფინასური საკითხების განხილვა.