ჯანსაღი ცხოვრების წესს ჩოხატაურში მოსწავლეები კვირეულს მიუძღვნიან

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ჩოხატაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები კვირეულს  ჩაატარებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ჩართულობით.  
2013 წლის 15 მაისს ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე მოსწავლეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს თამაზ ჯინჭარაძეს ეწვივნენ და  ფორუმზე მომზადებული საპროექტო წინადადება გააცნეს. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას ემსახურება. კვირეულის დროს ჩატარდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დაინტერესდა მოსწავლეების ინიციატივით და მზადყოფნა გამოთქვა დახმარება გაუწიოს მათ ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის პრიზების დაწესება, მსვლელობის დროს ქუჩის გადაკეტვა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.